დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციის დაწესება, გვახსენებს იმ პროცესს, რაც ახლა ბრიტანეთში მიმდინარეობს, როცა ადამიანები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები გამო დააკავეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, სტანდარტები და მორალური კომპასი სრულად აღრეულია.
„ალბათ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აქციების მართვის პროცესებს თვალყურს ადევნებთ. ამ ქვეყნებში ადამიანებს სიტყვის თავისუფლებისთვის სასტიკად უსწორდებიან. აღარ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო და პოლიცია ამაზე პასუხობდა. ამ ფონზე ევროპიდან ჩვენკენ როცა იშვერენ თითს და საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობენ, ალბათ ეს ორმაგი სტანდარტის მიღმა პოლიტიკური დაინტერესებაც არის. დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციის დაწესება, თურმე რაღაც ირღვევა, ეს იმ პროცესს გვახსენებს, რაც ახლა ბრიტანეთში მიმდინარეობს, როცა ადამიანები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები გამო დააკავეს. ამას ამერიკიდანაც გამოეხმაურნენ. იმის გამო, რომ ადამიანებს თავისუფალი სიტყვის შესაძლებლობა არ აქვთ, თურმე, მიღებულია დაპატიმრება და იმის გამო, რომ პოლიციას სახელმწიფო გადატრიალებაზე და საბოტაჟის მცდელობაზე რეაქცია აქვს, თურმე, ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა. რა თქმა უნდა, სტანდარტები და მორალური კომპასი სრულად აღრეულია“, – განაცხადა წილოსანმა.
