საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა - მაკა ბოჭორიშვილი


     მადლობას ვუხდი ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტისთვის, მიმდინარე წელს ჩვენ უკვე რამდენჯერმე შევხვდით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ეუთო-ს, ასევე გენერალური მდივნის მხრიდან აქტიური თანამშრომლობის მზაობას უსვამს ხაზს, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

     მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ეუთო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილი და ნაბიჯია.

     "საქართველო არის ეუთო-ს ის მონაწილე ქვეყანა, რომლისთვისაც ევროპის უსაფრთხოებისთვის და თანამშრომლობისთვის ზრუნვა ყველაზე რელევანტური და მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეუთო-ს საწყისიდან 50 წლისთავზე ჩვენ მტკიცედ მიგვაჩნია, რომ ამ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ევროპის უსაფრთზოებისთვის მუშაობის შესაძლებლობა. ამისთვის ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოები უნდა დარჩნენ საერთაშორისო სამართლის და იმ პრინციპების ერთგული, რასაც ეფუძნება ეს ორგანიზაცია", – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

     საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მიმოიხილეს საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები.

     "საქართველოს ორი რეგიონი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი არის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და რუსეთის მხრიდან კვლავაც ირღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, თავად გაემგზავროთ საოკუპაციო ხაზთან, საკუთარი თვალით იხილოთ ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გაეცნოთ ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს", – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.


მისივე თქმით, საქართველოს საკითხზე მსჯელობა ეუთო-ს ფარგლებში უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად.


"ჩვენ ვაფასებთ ეუთო-ს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას, შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია გალის მექანიზმის უპირობო განახლება.


ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმებზე წვდომის უზრუნველყოფა. საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის სიმტკიცეს", – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.