2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, "ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, ნანა ქადაგიშვილმა, მისი ოჯახის უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრა.
ნანა ქადაგიშვილი იხსენებს, "ვარდების რევოლუციამდე" 2-3 თვით ადრე მათთან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გივი თარგამაძის ვიზიტს, რომელმაც მის მეუღლეს, ამირან ქადაგიშვილს რევოლუციის დაფინანსება მოსთხოვა.
"2000 წელს ჩემი მეუღლე ერთ-ერთ ბანკს დაეხმარა ინვესტიციის შეტანაში და თავადაც იქ მათ წარმომადგენლად იყო. სანამ ვარდების რევოლუცია მოხდებოდა, 2-3 თვით ადრე ჩემს მეუღლეს დაუკავშირდა "ნაციონალური მოძრაობიდან" მათი წარმომადგენელი და ითხოვეს ჩემს მეუღლესთან შეხვედრა. შეხვედრა "გამა ბანკის" შენობაში შედგა. როდესაც მოვიდნენ ჩემს მეუღლეს მოსთხოვეს, რომ აი "ვარდების რევოლუციას" ვაპირებთ და თქვენ უნდა დაგვაფინანსოთ აუცილებლადო. ჩემმა მეუღლემ უარი უთხრა მაშინვე, რომ მე ამას ვერ გავაკეთებო, იმიტომ, რომ მე პოლიტიკურ, სახელმწიფო საქმეებში ვერ ჩავერევიო. ამის უფლება არც კანონით მაქვს და არც მორალურადო. გივი თარგამაძე იყო მაშინ მოსული ჩვენთან და ალბათ ეს ის დღე იყო, როდესაც მათ ჩვენ შავ სიაში შეგვიყვანეს", - განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.
