"ჩორჩანაში დადგმა ამ საგუშაგოსი წინაპირობა იყო რუსეთის საოკუპაციო ძალის გადმოწევის - გია ვოლსკი


     ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში მოკვლევა გრძელდება. უწყებაში დღეს გამოკითხვაზე ალექსანდრე ტაბატაძეს და კახა კახიშვილს ელოდებიან.

     2019 წელს, როდესაც გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო გაიხსნა, ტაბატაძე "სუსის" უფროსის მოადგილე იყო, კახიშვილი კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. დღესვე გაირკვა, რომ ამავე საქმეზე, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელახლა დაიბარეს გიორგი გახარია. კომისია ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნის საკითხს სწავლობს, როგორც კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, მათ დამატებითი კითხვები ექნებათ გახარიასთან მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც ადგილობრივები ვეღარ სარგებლობენ ტყით, რომელიც ოკუპანტმა სახელმწიფომ დამატებით დაიკავა. საუბარია დაახლოებით ერთ მილიონ კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე.

     მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნა რუსეთის საოკუპაციო ძალის გადმოწევის წინაპირობა იყო.

     "ჩორჩანაში დადგმა ამ საგუშაგოსი განმაპირობებელი იყო, წინაპირობა იყო რუსეთის საოკუპაციო ძალის გადმოწევისა, რის შედეგადაც მილიონი კვადრატული მეტრი დაიკარგა ტერიტორიის, დაიკარგა, საოკუპაციო ძალის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. გარდა ამისა, არის კიდევ, რომელიც მივიღეთ ახალგორის მიმართულებით და თუ რაღაც არსებობდა კიდევ შესაძლებლობა, რომ ახალგორის მიმართულებით ხალხს ემოძრავა, ეს მიმართულება სრულიად ჩაიკეტა. შედეგით თუ ვიმსჯელებთ, უმძიმესია ის ვითარება, რომელიც ამ კონკრეტულ მონაკვეთზე შეიქმნა და რასაკვირველია, კითხვებიც ამის განმხორციელებელი იმ პერიოდის ხელმძღვანელის მიმართ, არის ლეგიტიმური, აუცილებელი და სასწრაფო", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.



წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/317190