არეულობის შექმნის და დაპირისპირების მორიგი მცდელობა - მმართველ გუნდში ოპონენტების რადიკალურ სცენარზე საუბრობენ და მაგალითად, პარლამენტთან გამართული აქცია მოჰყავთ, სადაც ნიღბიანი პირებიც იმყოფებოდნენ და სადაც ისმოდა გზავნილები რევოლუციასთან დაკავშირებით.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ რადიკალურად განწყობილი ჯგუფები მაქსიმალურად ცდილობენ ვითარების ესკალაციას, თუმცა კანონდარღვევის შემთხვევაში ყველა მკაცრად აგებს პასუხს.
განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციურ სპექტრში.
"რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება გააკეთა "ქართულმა ოცნებამ". სახელმწიფოს კონსტიტუციური გადატრიალება აძლევს უფლებას ყველა ადამიანს, რომ მშვიდობიანი რევოლუციით გაისტუმროს ესენი. არაფერი რადიკალიზაცია არ არის პროცესების, ერთადერთი მოძალადე ამ ქვეყანაში არის "ქართული ოცნება", - აცხადებს პარტიის "დროას" დამფუძნებელი, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.
გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ერთადერთი, ვისაც ქვეყანაში რადიკალური პროცესის განვითარება სურს, "ქართული ოცნებაა".
"მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი რადიკალური პროცესის განვითარება, მათ შორის, რევოლუცია ახსენეთ თქვენ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის საზიანო. აქ მთავარი საკითხი რა არის იცით?! ვის ინტერესშია უფრო მეტად მოახდინოს რადიკალიზაცია პროცესების, ალბათ დამეთანხმებით, რომ მთავარი დღეს, ვისაც უნდა მოახდინოს რადიკალიზაცია, არის "ქართული ოცნება", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი.
წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/317212
