გერმანიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ლექცია, რომლის ერთ-ერთი სპიკერიც "ნაციონალური მოძრაობის" სიის მერვე ნომერი ირაკლი ხვადაგიანი იყო, მეორე დღეა განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში.
სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა ბექა კობახიძემ, რომელმაც დაწერა, რომ ღონისძიებაზე თავად იყო მიწვეული, თუმცა ოჯახური პირობების გამო, ლექციას თავად ვერ დაესწრო და საელჩოს ხვადაგიანის კანდიდატურა შესთავაზა.
მმართველი გუნდი პეტერ ფიშერს განმარტებას სთხოვს და აცხადებს, რომ გერმანიის საელჩომ წითელი ხაზი გადაკვეთა. მათი შეფასებით, ცინიზმია, როდესაც საკუთარ ღონისძიებაზე დიპლომატიურმა მისიამ ექსტრემისტული იდეების მქონე ის პირი მიიწვია, რომელიც ცნობილია ხელისუფლების დამხობის მოწოდებებით და ამ თემაზე ლექციებს რუსთაველის გამზირზე კითხულობს.
"ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანიის და არა მხოლოდ გერმანიის ელჩი, დიდი ხანია გავიდა ვენის კონვენციის ფარგლებიდან და ჩვეულებრივად, აქტივისტების მფარველად მოგვევლინა საქართველოში. ამ ელჩის განზრახვაა, შეკრიბოს ეს ადამიანები, გაუკეთოს პიარი. დარწმუნებული ვარ, ფინანსური ფონდებიც არის გამოყოფილი, რათა უზრუნველყონ საქართველოში რევოლუციური სიტუაცია. ეს ადამიები, რომლებიც შეიძლება ამ სიტუაციაში იყვნენ გამოყენებულები, წარმოაჩინონ პიარულად და სხვა ფორმებით", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
