ორმაგი სტანდარტი და მორიგი უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპარლამენტის განცხადებას, რომელიც ევროკავშირის დონეზე, სიძულვილის ენის კრიმინალიზაციას ეხება.
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს სიძულვილის ენის გავრცელებას, მათ შორის სოციალურ მედიაში და ითხოვს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების კრიმინალიზაციას.
"ქართულ ოცნებაში" მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე საუბრობენ, როდესაც ევროპარლამენტი ევროკავშირში სიძულვილის ენას უპირისპირდება, საქართველოში კი სიძულვილის ენის გავრცელებას და რადიკალურ ჯგუფებს ახალისებს.
"ბევრი მაგალითი შეგვიძლია ჩვენ მოვიყვანოთ აღნიშნული ორმაგი სტანდარტის, რაზეც ვსაუბრობთ. იგივე თუნდაც კანონი, რომელიც გამჭვირვალობას ეხება, იგივე სიძულვილის ენასთან დაკავშირებული, ანუ ის, რაც მათთან შეიძლება კანონიერებაში მოექცეს, სხვაგან წარმოადგენს პრობლემას. ჩვენც თუ იმავეს მოვითხოვთ, რომ არ იყოს ზიზღის, სიძულვილის კამპანია, ერთმანეთის შეურაცხყოფა, იყოს ერთმანეთის პატივისცემა - ეს დანაშაულია თურმე და რეპრესიებად ფუთავენ ამ ყველაფერს. ეს არის ნამდვილი ორმაგი სტანდარტი და მერე უკვირთ, რატომ არის საზოგადოების დამოკიდებულება შეცვლილი ევროკავშირის მიმართ. ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ევროკავშირის არის თავიანთი გაზულუქებული ბიუროკრატები, რომლებიც ფულს იღებენ იმაში, რომ თეთრზე თქვან, შავია და ეს შენიღბულია ლობიზმად“, - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.
