თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მედიისთვის დაუშვებელს ხდის სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღებას, განპირობებულია იმით, რომ ბოლო წლებში სასამართლო დარბაზებში მიზანმიმართულ პროვოკაციებს აწყობენ.
აღნიშნულის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.
„ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ მიზანმიმართულად აწყობენ ცირკს სასამართლო დარბაზებში. წარმოუდგენელია ის, რაც ხდება. შესაბამისად, გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ბევრ ევროპულ ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებშია. გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ სასამართლო სხდომები დახურული იქნება მედიისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რისთვის სჭირდება ხელისუფლებას აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება, კალაძემ უპასუხა:
„ჩვენ არა, ქვეყანას სჭირდება, რომ სასაცილო არ გახდეს ის, რასაც თქვენ აკეთებთ. ჩვეულებრივ ცირკად აქციეთ ყველა სასამართლო სხდომა. წარმოუდგენელია, რასაც კადრულობთ. შესაბამისად, მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-შია.“
