მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციას და "მათ პარტნიორებს" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ეს ეხება აქციაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პირებს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, აქცია უმართავი პროცესი არ იყო და პირდაპირ დავალებები გაიცემოდა, ახლა კი დავალების გამცემები და მათი პატრონები ცდილობენ, როგორმე გადაარჩინონ რიგითი შემსრულებელი.
გორდულაძის თქმით, დანა ამ ადამიანს ხელში ეჭირა და ეს დადასტურებულია ფაქტია, რომელთან დაკაშვირებიტაც ოპოზიცია სპეკულაციას ცდილობს.
"ეს ადამიანები, რომლებიც ძალადობრივ აქციაში იღებდნენ მონაწილეობას, ძალიან კარგად ვიცით, რომ უმართავ პროცესში არ იყვნენ. ეს იმართებოდა სხვადასხვა პირებისგან და პირდაპირ დავალებები გაიცემოდა. ახლა ამ დავალების გამცემები და მათი პატრონები ცდილობენ, როგორმე გადაარჩინონ რიგითი შემსრულებელი. სპეკულაციები დანასთან დაკავშირებით, რომელიც ყველამ ნახა რომ ამ ადამიანს ხელში ეჭირა. საერთოდ დანას თავი რომ დავანებოთ, რატომ არ საუბრობენ კონკრეტული პირი თავს დაესხა თუ არა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს, რაც ფაქტია. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა არის სისხლის სამართლის დანაშაული და ისჯება მკაცრად", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 19 წლის საბა ჯიქიას, მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. იგივე შინაარსის განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციური პარტიების წევრებიც. ისინი დაკავებულების უდანაშაულობაზე საუბრობენ.
