ეს ნაცნობი რიტორიკაა - მუქარის, შანტაჟის ენით საუბრის გაგრძელება - ლევან მაჭავარიანი უვიზო მიმოსვლის შესახებ განცხადებებზე


     ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უვიზო რეჟიმის შეწყვეტის საკითხი განიხილეს, თუმცა კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა.

     შეხვედრის დასრულების შემდეგ კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველოს რეკომენდაციების შესრულების ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს.

     პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, აღნიშნული საკითხის განხილვას მუქარასა და შანტაჟს უწოდებს.

     "მისი განცხადებიდან ახალი არაფერი გაგვიგია. ეს ნაცნობი რიტორიკაა - მუქარის, შანტაჟის ენით საუბრის გაგრძელება, როდესაც ქალბატონმა კალასმა ახსენა პოლიტიკოსების დაკავების საკითხი და პოლიტიკურ დევნას უწოდებენ ამას.

     თვითონ აკვირდებიან, როგორ ვითარდება მოვლენები, თავიანთივე დავალებით, რადიკალური ოპოზიციური პარტიების ლიდერები, დემონსტრაციულად არღვევენ კანონს, იციან ამას რა სასჯელი მოჰყვება და თავისი ფეხით მიდიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

      იგივე კანონის დარღვევაზე, განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში გაცილებით მკაცრი სანქციებია, ჩვენთან ეს ყველაფერი, ითვალისწინებს ერთწლიან პატიმრობას. სწორედ ამას ემსახურებოდა ბატონი ყაველაშვილის წინადადება, რომლითაც ის სთავაზობს რადიკალურ ლიდერებს მიმართონ შეწყალებით და ის გამოიყენებს თავის დისკრეციულ უფლებას და შეიწყალებს მათ, იქიდან გამომდინარე, რომ სასპეკულაციო არავის არ დარჩეს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რათა არავის არ ჰქონდეს სალაპარაკო ამ თემასთან დაკავშირებით", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.



წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/319904