მიზანი ჰქონდათ არეულობა და მიიღეს საკუთარ ე.წ. გუნდში არეულობა - გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის დაპირისპირებაზე


     ბოიკოტში მყოფ ოპოზიციურ რვიანში შიდა დაპირისპირება გრძელდება. "ნაციონალური მოძრაობა" გაერთიანებიდან თამარ ჩერგოლეიშვილის და მისი პარტიის გარიცხვას ითხოვს.

     ორი დღის წინ გავრცელდა მათი ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ "ფედერალისტების" ლიდერის კომენტარები ეთიკურ ნორმებს ცდება, რის გამოც, "ნაციონალურ მოძრაობას" ამ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა აღარ უნდა.

     ფედერალისტების ლიდერი კოლეგების მოთხოვნას მუქარად აფასებს და "ნაციონალურ მოძრაობას" განულებულს უწოდებს.

     საკითხს გამოეხმაურა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილე. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყანაში არეულობის შემოტანა სურდათ, რაც ბუმერანგივით დაუბრუნდათ უკან.

     "მგონი, თავად "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველიც მიხვდა, რომ ბოიკოტი "ნაცმოძრაობამ" და მისმა ფილიალებმა გამოუცხადეს საკუთარ ამომრჩევლებს. გარდა იმისა, რომ არსად, აღარაფერში აღარ მონაწილეობენ სხვა ვერაფერ შეტყობინებას ვერ უგზავნიან თავიანთ ამომრჩეველს. ვერც იმას ახლა რას აკეთებენ და ვერც იმას, მომავალში რას გააკეთებენ.

     ამას მოჰყვება მერე ჩხუბი, დავიდარაბა და დაპირისპირება ერთმანეთში. "ლელო" "ნაცმოძრაობასთან", "ნაცმოძრაობა" "გახარიასთან, გახარია "ახალთან", "ახალი" ძველთან და ა.შ. ეს ბუნებრივი პროცესია და ზუსტად იმიტომ, რომ მათ არ აქვთ მიზანი.

     მათი მიზანი არის არეულობა და როცა არეულობაა მიზანი, სამყაროში არსებობს ბუმერანგის პრინციპი, რა ბოროტებაც გაქვს განსაზღვრული იგივე გიბრუნდება შენ - მიზანი ჰქონდა არეულობა და მიიღეს საკუთარ ე.წ. გუნდში არეულობა. ასე იქნება ყოველთვის", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.