პროკურატურამ "ლელოს" მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
პარტიამ დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც გაავრცელეს აუდიოჩანაწერი, რითაც, მათივე მტკიცებით, დასტურდება ერთ-ერთ მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლის, მუქარის და მისი მოსყიდვის მცდელობა.
საუბარია, ყიზი-ლაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატზე, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოხსნა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბრალდებები აბსურდულია და რეალობას გამოძიება დაადგენს. მათივე თქმით, მოხდება ოპოზიციის რეალური გეგმების მხილება. ვერსია კი, რომელიც "ლელოს" მითითებით მათი გუნდის ყოფილ წევრს თავადვე გააჟღერებინეს, მტკიცებულება ვერ იქნება.
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, "ლელომ" პრობლემა საკუთარ თავში უნდა ეძებოს და არა "ქართულ ოცნებაში".
"ეს მაგონებს ერთ-ერთ ფრაზას - პატარძალმა ეზო ვერ დაგავა მრუდეაო, აკვდება ამ სიტუაციას. საკუთარ შეცდომებს, უსუსურობას, არაეფექტურობას აბრალებენ სხვას. მათი კანდიდატია, ჩვენი კანდიდატი ხომ არ იყო. თავად ვერ შეძლეს თავის გუნდში დატოვება, დარწმუნება, რომ ისინი ნამდვილად იმსახურებენ ყოფნას, ეს არის სხვაზე გადაბრალება საკუთარი შეცდომის.
არ ვართ წინააღმდეგი, თუ ნამდვილად აქვთ კონკრეტული მტკიცებულება, არგუმენტი, რაიმე ტიპის დარღვევას წარმოადგენს, სასამართლო წესით ვიდავოთ, გაარკვიონ იქ.
ნაკლებად მგონია, რომ ეს არის რაიმე სახის რეალური პრობლემა. შეეცდებიან, რომ თითოეული მაგალითით წარმოაჩინონ, თითქოს ეს არის რაიმე სისტემური პრობლემა, სინამდვილეში, პრობლემა უნდა ეძებონ საკუთარ თავში და არა "ქართულ ოცნებაში", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/326803
