საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან ე. წ. ხელშეკრულების რატიფიკაცია იმედის ეთერში შეაფასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა:
„ეს პროცესი სამწუხაროდ დიდი ხანია მიმდინარეობს. და ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვქონდა მყისიერი რეაგირება. სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ რუსეთის დუმამ გაუკეთა აღნიშნულ ე.წ შეთანხმებას რატიფიკაცია და ჩვენ მაშინვე გვქონდა ამაზე რეაგირება. საგარეო საქმეთა სამინსიტრომ გააკეთა განცხადება, სადაც ეს ფაქტი შეფასებულია, როგორც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი, ასევე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევა. უფრო მეტიც, ჩვენ უკვე მივიტანეთ ეს საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურამდე და 31 იანვარს და 1 თებერვალს ეუთოს მუდმივ საბჭოზე და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე საქართველოს საკითხი და კერძოდ აღნიშული საკითხი იყო განხილული და იყო დღის წესრიგის ერთერთი მთავარი საკითხი.
ჩვენი მხრიდან ამ შეხვედრებზე მწვავედ იქნა დაყენებული ე.წ. შეთანხმებების გაფორმება რუსეთის ფედერაციასთან და იყო გაკეთებული ძალიან მკაფიო შეფასებები იმის შესახებ, რომ ეს არის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი, რასაც მოყვა ასევე ძალიან სერიოზული დამგმობი განცხადებები ევროკავშირის მხრიდან და ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან. მათ შეუერთდნენ აშშ კანადა ნორვეგია და სხვა დელეგაციები. ასევე რამდენიმე დღის წინ გაკეთდა განცხადება აშშ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, სადაც იყო აღნიშნული, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა და რუსეთის მიმართ იყო მოწოდება, რომ მან შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ნორმებით ნაკისრი ვალდებულებები.
ეს არის ჩვენი საქმიანობის და ყოველდღიური აქტივობების ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება და ბუნებრივია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მიმართულებით კიდევ უფრო მეტ პროაქტიულ ნაბიჯებს მომავალშიც გადავდგამთ", განაცხადა დავით ზალკალიანმა.