გიორგი მარგველაშვილი მე-14 საერთაშორისო ფორუმის „მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება ცვალებად სამყაროში" მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი გაეროს ღონისძიებების ფარგლებში იმართება და მას მსოფლიოს 50-მდე მოქმედი თუ ყოფილი ლიდერი დაესწრება.
საქართველოს პრეზიდენტი საზეიმო გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად სამუშაო პანელზე დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას.
გიორგი მარგველაშვილი რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზეც იმსჯელებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და სამუშაო სადილი კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების ლიდერებთან და სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან.
ქვეყნის მთავარსარდალი ამერიკის შეერთებული შტატებში „ვესტ პოინტის" სამხედრო აკადემიას (West Point) ეწვევა და აკადემიის ხელმძღვანელობასთან და კადეტებთან გამართავს შეხვედრას. გიორგი მარგველაშვილი საჯარო ლექციას წაიკითხავს და აკადემიის ქართველ კადეტებსაც შეხვდება.
ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტი ამერიკული ფონდის Appeal of Conscience Foundation მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საზეიმო მიღებას 2018 Annual Awards Dinner დაესწრება, რომელიც უმაღლესი რანგის სტუმრებისთვის იმართება.
წლევანდელი ღონისძიება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის კრისიტინ ლაგარდისა და საფინანსო ორგანიზაციის „რიჩმონტი" თავმჯდომარის ჯოან რუპერტის პატივსაცემად იმართება, რომელსაც მადლენ ოლბრაიტი, ჰენრი კისინჯერი, ჯეიმს ბეიკერი, კოლინ პაუელი და სხვა ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეები, კონგრესისა და სენატის, ასევე ბიზნესის წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო გამოცემებთან. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 29 სექტემბერს დასრულდება.