შსს–მ თბილისსა და მარნეულში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავა


     შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, თბილისსა და მარნეულის რაიონში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 5 პირი დააკავეს. მათ ბრალი ედებათ ქურდული სამყაროს წევრობაში, ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მიღებასა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვაში. ჩადენილი დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     დაკავებულები არიან: 1960 წელს დაბადებული გ. დ., 1985 წელს დაბადებული ტ.დ., 1977 წელს დაბადებული ე.კ., 1976 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1982 წელს დაბადებული გ.გ.

     გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები „ქურდული სამყაროს" მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ, კერძოდ, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან" - ჯეირან კინწურაშვილთან და ირაკლი დანელიასთან და მათთან შეთანხმებით ე.წ. „ქურდულ გარჩევებს" აწყობდნენ.

     გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მიღებისა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-პრიმა-2 მუხლით და 223-პრიმა-4 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
  скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно