,,ეს პარკი არის მოწმე ნგრევის და ეს პარკი იქნება მოწმე შენების"– კალაძე მზიურის პარკზე


      თბილისში ბავშვთა ქალაქ „მზიურის" პარკის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.

     პროექტი „განახლებული მზიური" თბილისის მერმა კახა კალაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად წარადგინა.
 
      ,,დღეს წარმოვადგენთ პროექტს, რომელიც ეხება მზიურის სრულ რეაბილიტაციას. თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მწვანე სივრცეები ქალაქში და შესაბამისად ამ პარკის არსებული მდგომარეობა ყველას გვაწუხებს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოვახდინოთ მისი რეაბილიტაცია.
 
     1975 წელს ნოდარ დუმბაძემ თავის ღია წერილით ,,ოცნებას კაცი არ მოუკლავს" გამოთქვა ინიციატივა ვერეს ხეობაში ბავშვთა ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით, ეს ნიციატივა მაშინვე აიტაცა ხელისუფლებამ და 1982 წელს პროექტი იქნა განხორციელებული. თუმცა ამ წლების განმავლობაში, როგორც ჩვენმა დედაქალაქმა ამ პარკმაც ძალიან ბევრი სირთულე გამოიარა. გვახსოვს ის მძიმე წლები რაც ქვეყანაში სუფევდა და რაც დედაქალაქში ხდებოდა. 13 ივნისის ტრაგედიამ ამ პარკს დიდი დარტყმა მიაყენა. პარკის ძალიან დიდი ნაწილი განადგურდა. ეს პარკი არის მოწმე ახალგაზრდობის ერთობის, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს გაერთიანდა და შეიძლება ითქვას ახალგაზრდებმა სრულიად საქართველო გააერთიანა. ეს პარკი არის მოწმე ნგრევის და ეს პარკი იქნება მოწმე შენების!"– დასძინა დედაქალაქი მერმა. 
 
     პროექტის მიხედვით, „მზიურის" ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში მინი მედიათეკა და საგამოფენო დარბაზი მოეწყობა. მზიურის ტერიტორიაზე „თოჯინების მუზეუმისთვის" შენობაც აშენდება.  მუზეუმის პროექტი მოიცავს საგამოფენო სივრცეებს, სამეცნიერო ლაბორატორიას, საგანმანათლებლო ცენტრს.

     სარეაბილიტაციო სამუშაოები ბავშვთა ქალაქში ითვალისწინებს ტერიტორიის გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ კვლევასაც, დენდროლოგიური და სარწყავი სისტემების პროექტს, რომლის მიხედვითაც პარკის ტერიტორიაზე დამატებით ხე-მცენარეები დაირგვება.

     რეაბილიტაციის ფარგლებში „მზიურში" აშენდება ადაპტირებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა, მოეწყობა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, საბავშვო გასართობი და სპორტული მოედნები.

    სარეაბილიტაციო არეალი 13 ჰა ფართობ ტერიტორიას მოიცავს.

    პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно