გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს. განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
ოპოზიცია სარჩელით სასამართლოს მიმართავს. გიორგი თქმით, ამას ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი, სადაც ამომრჩევლის მოსყიდვაზეა საუბარი.
ვაშაძემ კონკრეტულ მუხლში გაწერილი კონკრეტული აკრძალვები წაიკითხა. მაგალითად გიორგი ვაშაძემ კარტოფილის, ხახვის, მეორადი ტანსაცმლის დარიგება მოიყვანა, ასევე 600 ათასი მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის დაპირებაც. ვიდეო მტკიცებულებები სასამართლოში იქნება წარდგენილი.
„ვითხოვთ სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას, ამას ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი, რომელშიც არის ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბარი... ჩვენს სარჩელში უზარმაზარი, ზღვა მასალა არის წარმოდგენილი, ერთი მხრივ, იმ 600 ათას ადამიანზე თაღლითური დაპირების, რომ სესხები გაუუქმდებათ, არანაირ 600 ათას ადამიანს არ უუქმდება, მაგრამ ეს არის პირდაპირ ამომრჩევლის მოსყიდვა და მეორე, ყველას კარგად გვახსოვს, ხახვები, კარტოფილები, უფასო მეორადი ტანსაცმლის დარიგება. ამ ყველაფრის ვიდეო და აუდიო მასალა გვაქვს, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ სასამართლოში. ჩვენს სარჩელს თან ერთვის, რა თქმა უნდა, ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნა, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ არჩევნები ტოტალური, მასობრივი მოსყიდვის პირობებში მიმდინარეობდა და ეს ფაქტი, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, დადასტურებულია ამ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით და ეს ყველაფერი მოყვანილია სარჩელში," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიცია მაღალი თანამდებობის პირების, პრემიერის და თბილისის მერის მიმართ ამომრჩევლის მოსყიდვის გამო, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრასაც ითხოვს.
„მივმართავთ პროკურატურას და ვითხოვთ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პირველი პრიმა მუხლის შესაბამისად, სადაც ასევე აირს საარჩევნო მოსყიდვაზე საუბარი, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს პრემიერმინისტრის, ბატონი ბახტაძის, რომელმაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, როცა ამ მასობრივ მოსყიდვას აწარმოებდა პირდაპირ ეთერში და ბატონი კალაძის მიმართ, რომელიც შტაბს ხელმძღვანელობდა, რომელმაც ასევე პირდაპირ დანაშული ჩაიდინა თავის განცხადებაში," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/120770