,,ჩვენი მიზანი უცვლელია და ეს არის ნატო-ს წევრობა"– ზურაბიშვილი


     დღეს ჩვენი ქვეყანა, „ნატო-საქართველოს სწავლება – 2019-ის" წარმატებით დასრულებით, კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის ძლიერ მისწრაფებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ. ამ მორიგი წარმატებული ნაბიჯით, ჩვენ მკაფიოდ და თავდაჯერებულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანი უცვლელია და არის ნატო-ს წევრობა, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კრწანისის სასწავლო ცენტრში, „ნატო-საქართველოს სწავლება 2019"-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

     მისი თქმით, საქართველოს მიზანია დემოკრატიისა და უსაფრთხოების გაძლიერება და გლობალური მშვიდობის მიღწევისთვის საერთაშორისო პარტნიორობაში აქტიური მონაწილეობის გაგრძელება.

     „ნატო-საქართველოს წლევანდელ სწავლებაში საქართველო უკვე ხელმძღვანელი ქვეყანაა და ეს თავისთავად ძალიან ნიშანდობლივია. ეს სტატუსი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად განვავითარეთ ჩვენი შესაძლებლობები ამ რიგით მეორე სწავლებისთვის და რამდენად გაიზარდა სტრატეგიული პარტნიორების ნდობა და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. სწორედ ჩვენ თავდაუზოგავ მონდომებაზე პასუხია ასეთი აღიარება. მინდა, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

     სწორედ ასეთი ნაბიჯებით მიიღწევა ჩვენი საერთო მიზანი – მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში.

     მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩემი ბოლოდროინდელი საგარეო ვიზიტების დროს, ნატო-ს გენერალური მდივნისგან, სამხედრო ხელმძღვანელობისგან, ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებისგან ვისმენდი საუკეთესო შეფასებებს ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით და ეს ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარსარდლისთვის ძალიან საამაყო იყო", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

     მისი შეფასებით, მასშტაბური წვრთნები, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი, სამხედრო კომიტეტის ჩამოსვლა, წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სტუმრობა – ეს ყველაფერი საქართველოს მიმართ ალიანსის ურყევი მხარდაჭერის გამოხატულებაა.

     „ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ სამხედრო და პოლიტიკურ რეფორმებს. ზედმიწევნით ვპასუხობთ ყველა სტანდარტსა და მოთხოვნას ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი ქვეყანა ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისად, მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს თავდაცვაზე, თავდაცვის ბიუჯეტის 20 პროცენტს კი, შეიარაღებაზე ხარჯავს. ჩვენ ამით არ შემოვიფარგლებით. ვაფართოებთ თანამშრომლობის სპექტრს და ეს ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებასა და კიბერუსაფრთხოების საკითხებს. ეს პრობლემატიკა ჩვენი საერთო საზრუნავია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ თანამშრომლობა სულ უფრო გაძლიერდეს", – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.




скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно