,,მცირე ბიზნესის შემოსავლები მე-3 კვარტალში გაორმაგებულია, ანუ ის გაიზარდა თითქმის 100%-ით"- ამის შესახებ, პრემიერ მინიტრმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თმით, ეს ნაბიჯი საფუძველი გახდება იმის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს ინკლუზიურ ზრდას.
„მოგეხსენებათ, რომ 2018 წლის 1-ლი ივლისიდან, ჩვენ ავამოქმედეთ უპრეცედენტო საგადასახადო რეჟიმი მცირე მეწარმეებისთვის. ვგულისხმობ, გადასახადების 5-ჯერ შემცირებას 1%-მდე. დღეს, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, შევაფასოთ მიმდინარე წლის მე-3 კვარტლის შედეგები.
მცირე ბიზნესის შემოსავლები მე-3 კვარტალში გაორმაგებულია, ანუ ის გაიზარდა თითქმის 100%-ით. მოგეხსენებათ, რომ ამ რეფორმის ერთ-ერთი ინიციატორი გახლდით მე, ფინანსთა მინისტრის პოსტზე და ეს შედეგი არის მართლაც უნიკალური და იმაზე მეტი, ვიდრე მქონდა ჩემს გათვლებსა და პროგნოზში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას.
საქართველოს, ჩვენი ეკონომიკის წარმატება, გადის სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. შესაბამისად, ამ ციფრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გვჭირდება მეტი ინკლუზიური ზრდა და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველა პროგრამა, შევქმნათ ახალი მექანიზმები იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ მთლიან შიდა პროდუქტში. ამასთან ერთად, აქტიური მეწარმეების რაოდენობა არის 70,000-ზე მეტი და აქტიურად გრძელდება რეგისტრაციის პროცესი"– განაცხადა მამუკა ბახტაძემ.