ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება


     ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

     „მოგეხსენებათ, 31 მარტს საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 80 წელი უსრულდება. ჩემი თაოსნობით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შექმნილია სახელმწიფო კომისია, რომელმაც იმსჯელა და გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 80 წლისთავის აღსანიშნავად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები.

    საქართველოს ფოსტა ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით გამოსცემს მარკას; განათლების სამინისტრო, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად, ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის დააწესებს ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიას, რომელიც გაიცემა ყოველწლიურად 31 მარტს;

     საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ინტერვიუები, ფოტოები, წიგნები;

     რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქალაქ ზუგდიდში ააშენებს ახალ ბიბლიოთეკას, რომელსაც მიენიჭება საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი და ამავე დროს, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება ზვიად გამსახურდიას ხსნოვნისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно