„გულზე დაიფინე დროშა და ზედ არ შედექი, შვილო ჩემო ვაჟკაცო ბიჭო" – ტატუნაშვილის დედა


     „გულზე დაიფინე დროშა და ზედ არ შედექი, შვილო ჩემო ვაჟკაცო ბიჭო. თქვიო, რომ ეს ოსეთიაო, ეგ საქართველოაო, ოსეთი არასოდეს ყოფილა და არც იქნებაო. იმიტომ დაგიმტვრიეს, დაგილურსმნეს ეგ თითები, შვილო,"- ეს სიტყვები არჩილ ტატუნაშვილის დედამ მისი შვილის პანაშვიდზე წარმოთქვა.

     ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს სამხედროებმა ეროვნული დროშა გადააფარეს. მის საცხოვრებელ სახლთან წილკანში ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული დადგა.

     დღეს დილიდან მოკლული სამხედროს ოჯახს თანასოფლელები და ვეტერანები უსამძიმრებენ. ცხედარი თბილისიდან გამთენიისას გადაასვენეს სახლში, სადაც სასულიერო პირებმა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

     წილკანში მყოფი ჟურნალისტები და გარდაცვლილის ახლობლები, რომლებმაც ცხედარი ნახეს, ამბობენ, რომ არჩილ ტატუნაშვილი ნაწამებია.

     ახალგორის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, შაბათს დილით ტატუნაშვილის ცხედარს წეროვანში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. მოგვიანებით კი ქანდაში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 

 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно