საქართველოს პრეზიდენტმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი პირადი მამაცობის, გმირობისა და თავდადებისათვის ჟურნალისტი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურის უფროსი ალექსანდრე ბერულავა, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრე ბერულავა ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით დააჯილდოვა და სახელმწიფო ჯილდო მისი ოჯახის წევრებს გადასცა.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მეომრებზე საუბრისას ხაზი გაუსვა ეროვნული გმირების თავდადების მნიშვნელობას თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარების საქმეში და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს.
,,დღეს ჟურნალისტის დღეა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენ განსაკუთრებით აღვნიშნავთ, ამ პროფესიის წარმომადგენლებს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით იმ სიმამაცისთვის, რომელსაც ისინი, როგორც საომარი მდგომარეობის დროს, ასევე, მშვიდობიან პერიოდში იჩენენ თავისი ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობის განსახორციელებლად.
ჩვენ ამ დღეს აღვნიშნავთ იმ ადამიანის განსაკუთრებული აღიარებით, რომელმაც თავი სამშობლოს და სამშობლოსათვის ბრძოლას შესწირა. ბატონი ალექსანდრე ბერულავა, ისევე როგორც გაბესკირია, ისევე როგორც ანწუხელიძე, არიან ადამიანები, რომლებიც ვერ გატეხა მტერმა.
ჩვენ დღეს ვგლოვობთ ჩვენს თანამემამულეს არჩილ ტატუნაშვილს, რომლის გადმოსვენებაც გუშინ მოხერხდა. ამ ადამიანებმა შექმნეს საქართველოს გაუტეხელი სახე, დიდი მადლობა მათ ამ ღვაწლისთვის. ჩვენ ამ ღვაწლს ვაფასებთ და მომავალშიც დავაფასებთ, ამაზე გაიზრდებიან მომავალი თაობები.
ჩვენ მადლობას ვუხდით მათი ოჯახის წევრებს, ვინც გააძლიერა ეს ადამიანები და შემოინახა მათი ხსოვნა. დიდი მადლობა ამისათვის და მამათქვენის სახელი იქნება ის მაგალითი, რომელზეც მომავალი ქართველები და მომავალი ჟურნალისტები გაიზრდებიან", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ალექსანდრე ბერულავა აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელია.ომის დაწყებისას, 1992 წლის 14 აგვისტოს, ქალაქის ცენტრში იგი ახალგაზრდა აფხაზმა ბოევიკებმა დაატყვევეს. გუდაუთაში სეპარატისტების ბაზაზე ხანგრძლივი წამების შემდეგ მისი განთავისუფლება მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით მოხერხდა. ომის განმავლობაში ალექსანდრე ბერულავას სოხუმი არ დაუტოვებია. იგი იყო აფხაზეთის ტელევიზიის ხელმძღვანელი, სამხედრო პრესცენტრისა და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს პრესცენტრის ხელმძღვანელი.