მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოში „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის" დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. ინფორმაციას მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მსოფლიო ბანკის დამატებითი დაფინანსება საქართველოს მთავრობას „კოვიდ-19"-ის პანდემიის ზემოქმედებით გამოწვეული მოულოდნელი ფინანსური დეფიციტის შევსებაში დაეხმარება.
„ამ რთულ პერიოდში ჩვენ, როგორც ძლიერი პარტნიორი, გვერდში ვუდგავართ საქართველოს და მხარს ვუჭერთ მთავრობის მიერ განხორციელებულ სწრაფ და ეფექტურ ანტიკრიზისულ ზომებს, რომლის მიზანია ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა, მათი საარსებო საშუალებების დაცვა, „კოვიდ-19"-ის ეკონომიკური შედეგების შემსუბუქება და ეკონომიკური რეფორმების მძლავრი ტენდენციის შენარჩუნება. მაშინ, როდესაც საქართველოს მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა ვირუსის გავრცელება წარმატებით შეაკავეს, ქვეყანას სხვა ბევრი სახელმწიფოს მსგავსად, ფისკალური და ეკონომიკური ხარჯების გაღება მოუწია. მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ეს დამატებითი ფინანსური სახსრები, ქვეყნისთვის კრიტიკულად დროული და აუცილებელი დახმარებაა", – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, დამატებითი ფინანსური დახმარება დაკავშირებულია „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის" მანამდე გამოყოფილ 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებასთან, რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ 2020 წლის მარტში დამტკიცდა. საერთო მიზანი კი იმ რეფორმების ხელშეწყობაა, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკური ინკლუზიურობის ზრდისა და მედეგობის შენარჩუნებისკენაა მიმართული.
„მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის კონკრეტულად „კოვიდ-19"-ით გამოწვეული პრობლემების მოგვარებისკენ იქნება მიმართული. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი გვიწევენ საქართველოში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირებისთვის და ზოგადად, ქვეყანაში რეფორმების განხორციელების პროცესის შენარჩუნებისთვის", – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისის ცნობით, აღნიშნული ფინანსური დახმარება „განვითარების პოლიტიკის ღონისძიებების" ფარგლებში გათვალისწინებული სამეტაპიანი საკრედიტო ოპერაციების რიგით მეორე ტრანშია. ის მსოფლიო ბანკის მხრიდან ქართველი ხალხისთვის გაწეული ფართო მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც „კოვიდ-19"-ის პანდემიის ეკონომიკური გავლენის შემსუბუქებას ისახავს მიზნად. პირველი საკრედიტო ოპერაცია – 80 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტი ჯანმრთელობისა და სოციალურ სფეროებზე „კოვიდ-19"-ის, ზემოქმედების შემცირების მიზნით, „სწრაფი დახმარების მექანიზმის" საშუალებით გაიცა. მესამე ტრანში ფოკუსირებული იქნება იმ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე, რომლებზეც „კოვიდ-19"-ის პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია.
„გლობალურ დონეზე, მსოფლიო ბანკის ჯგუფმა ფართო და სწრაფი ზომები მიიღო, რათა ქვეყნებს „კოვიდ-19"-ის პანდემიის გავრცელების შეჩერებაში შუწყოს ხელი. მომავალი 15 თვის განმავლობაში ბანკი დაახლოებით 160 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს, რათა 100–ზე მეტ ქვეყანას (სადაც მსოფლიოს მთელი მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი ცხოვრობს) ღარიბი და მოწყვლადი ოჯახების დაცვაში, კომპანიების ხელშეწყობასა და ეკონომიკის აღდგენაში დაეხმაროს", – აცხადებენ მსოფლიო ბანკში.