„თბილსერვის ჯგუფმა" თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის, მიმდებარე ფერდობებისა და გამწვანებული ტერიტორიების დასუფთავების მასშტაბური აქცია დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომლები ზღვის მიმდებარე ტერიტორიას საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმენდენ.
დასუფთავების აქციაში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის" 80 თანამშრომელი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც. აქცია ერთი კვირის განმავლობაში, ტერიტორიის სრულ დასუფთავებამდე გაგრძელდება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო.
„თბილსერვის ჯგუფი" მოსახლეობას მოუწოდებს, ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრისგან თავი შეიკავონ და ის ნაგავშემკრებ კონტეინერებში მოათავსონ.