"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე "ღამის კურიერის" ეთერში წამყვანის კითხვას "რატომ ხართ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად თუ ეს თქვენთვის ასეთი მიუღებელია?" პასუხობს, რომ ის "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ არის, ის არის "ლეიბორისტული პარტიის" ოფისის მაგიდის გარშემო, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობის" გარდა 30-მდე პარტია შედის.
"მე არ ვარ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად. შალვა ნათელაშვილის ოფისის მაგიდის გარშემო ვარ და იქ არის არა მარტო "ნაციონალური მოძრაობა", იქ არის 30-მდე პარტია და ამ პარტიების ერთობამ ბიძინა ივანიშვილის მიერ მოპარული პროპორციული არჩევნები დაუბრუნა ქართულ საზოგადოებას. ახლა მე რა გავაკეთო მაგალითად, "ნაციონალურ მოძრაობას" რადგან გაუნათდა თავი და სწორი რაღაცა უნდოდა - პროპორციული არჩევნები, მე "ნაციონალური მოძრაობის" ჯიბრზე საწინააღმდეგო ვთქვა?" - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
ნინო ბურჯანაძის თქმით, მის მიერ მესამე ძალის ვერშექმნაში ბიძინა ივანიშვილია დამნაშავე. "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა მის პარტიას საპარლამენტო არჩევნების დროს 20 000 ლარი წაართვა.
"არა, მე არ ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას, ეს არის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა, რომელმაც ბიუჯეტის 20 000 ლარი წაართვა ჩემს პარტიას.
ეს საზოგადოებამ არ იცის სხვათა შორის, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ოჯახისთვის 20 000 ლარი არის უზარმაზარი თანხა, მაგრამ პარტიისთვის თქვენ ეს იცით, რომ არაფერი არ არის. 20 000 ლარიც კი, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ საპარლამენტო არჩევნებზე, ბიძინა ივანიშვილის ხელით სასამართლომ ჩემს პარტიას წაართვა, რომ ოფისის გადასახდელი ფული არ გვქონოდა ელემენტარულად და რაზე მელაპარაკებით ახლა, ამ ვითარებაში, როდესაც ყველა ჩემი თანაპარტიელი, პირველ რიგში, თუ იწყებდა სამსახურს ეუბნებოდნენ პირდაპირ, რომ ჯერ გამოდი ბურჯანაძის პარტიიდან და მერე დაიწყებ სამსახურს.
ერთ მილიმეტრში იყო ორივეჯერ ქვეყანა სამოქალაქო ომისგან და მე გადავარჩინე ქვეყანა ორივეჯერ. მესამე ძალის შექმნა არის შეუძლებელი, როდესაც შენ გებრძვის მთელი მედია საშუალებები, რომლებიც სამწუხაროდ 2008 წლიდან 2012 წლამდე მებრძოდა და ძირითადად იმ კითხვებს მისვამდა სხვათა შორის თქვენ რომ დამისვით ახლა - ოკუპანტი, პუტინი. არ არიან საზიზღრები, მე ასე არ ვუყურებ ჟურნალისტებს, უბრალოდ ფაქტის კონსტატირებას ვახდენ. 2008 წლიდან 12 წლამდე იყო ტერორი და მე არ შემშინებია 4 წლის განმავლობაში ძალიან არაკომფორტულ მდგომარეობაში წამოვსულიყავი ხელისუფლებიდან არადემოკრატიულ სახელმწიფოში და მებრძოლა ავტორიტარი მმართველის წინააღმდეგ," - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/172276