,,წინა არჩევნებში ვიყავით მთავარი მოთამაშე და დღესაც ვართ მთავარი მოთამაშე პოლიტიკურ ველზე" - ბოკუჩავა


     „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ყველა ოპოზიციონერმა მაქსიმალური კონსოლიდაციისკენ უნდა გადადგას ნაბიჯი ისტორიული არჩევნებისთვის, რომელიც თავისი მნიშვნელობით ქვეყნის ბედს გადაწყვეტს.

     ბოკუჩავას თქმით, ისურვებდა, ოპოზიციაში არ იყოს ერთმანეთთან ხიდების დაწვის მცდელობა, რადგან ეს იქნება პირდაპირ უარის თქმა გამარჯვებაზე. თინა ბოკუჩავას განცხადებით, კონსოლიდირებული წინასაარჩევნო ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ აუცილებელია და კონსოლიდაცია მაინცდამაინც არ გულისხმობს წინასაარჩევნო ერთობას.

     „წინასაარჩევნო პერიოდი იქნება ეს, ვადამდელი არჩევნები თუ 2024 წლის არჩევნები, ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ შეძლოს კონსოლიდაცია, მაქსიმალური კონსოლიდაცია ისტორიული არჩევნებისთვის, რომელიც თავისი მნიშვნელობით გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს, არა მხოლოდ იმას, ვინ დაიკავებს კონკრეტული მინისტრის თანამდებობას. ეს არჩევნები ამაზე არ არის, ეს არჩევნები არის იმაზე, ჩვენს ქვეყანას ექნება ევროპული მომავალი თუ გახდება რუსეთის პერიფერია. შესაბამისად, ჩემი აზრით, ყველა ოპოზიციონერმა აქედან უნდა იმსჯელოს და მაქსიმალური კონსოლიდაციისკენ უნდა გადადგას ნაბიჯი. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, ყველა წინა არჩევნებში ვიყავით მთავარი მოთამაშე და დღესაც ვართ მთავარი მოთამაშე პოლიტიკურ ველზე, მთავარი პროდასავლური ოპოზიციური გუნდი და, ბუნებრივია, ჩვენი ვალია, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობით და კონსოლიდაციით მივიდეთ არჩევნების თარიღამდე და შემდეგ შევძლოთ კოალიციური მთავრობის შექმნა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ფორმალურ კოალიციებს წინასაარჩევნოდ. ეს არის წარმატების და გამარჯვების ფორმულა, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ფორმულა. ვინ როგორ ხედავს საკუთარ თავს ამ კონფიგურაციაში, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მე ნამდვილად ვისურვებდი, რომ ერთმანეთთან ხიდების დაწვის მცდელობა არ იყოს, რადგან ეს იქნება პირდაპირ უარის თქმა გამარჯვებაზე და. ჩემი აზრით, ამის უფლება არ აქვს არცერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, რომელიც თავს მოიაზრებს პროდასავლელად და ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნები.

     კონსოლიდაციას სხვადასხვა ფორმა აქვს და ეს მაინცდამაინც არ გულისხმობს წინაასარჩევნო ერთობას, მით უმეტეს, როცა ფორმალური ბლოკები წინასაარჩევნოდ ისედაც აკრძალულია, მაგრამ კონსოლიდირებული გზავნილები და მოქმედება, კონსოლიდირებული წინასაარჩევნო ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ აუცილებელი და გარდაუვალია. ოპოზიციურ ველზე ურთიერთთავდასხმა წაადგება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს და მოემსახურება მხოლოდ რუსული რეჟიმის შენარჩუნებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არცერთი პროდასავლელი ოპოზიციონერის ინტერესში არ შედის და ამის გათვალისწინებით ვიმოქმედებთ ჩვენ, როგორც მთავარი ოპოზიციონერი მოთამაშე“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

     რაც შეეხება კითხვას, რატომ ცდილობენ „ლელო“ და სხვა პარტიები ახლა „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებას, ბოკუჩავა ამბობს, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმის ქცევა მთავარ საარჩევნო სლოგანად მაინცდამაინც წარმატებული სტრატეგია არ არის ხოლმე.

     „ჩემი განსასჯელი არ არის, ვინ როგორ გადალახავს ბარიერს. თითოეულ პარტიას ჰყავს თავისი ელექტორატი. იქნება ეს ხუთ თუ ერთპროცენტიანი, აქვს საკუთარი საარჩევნო პროგრამა და გეგმა. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ყველა პროდასავლურმა პარტიამ მაქსიმალურად იმგვარი შეთავაზება გაუკეთოს ამომრჩეველს, რომ შეძლოს ბარიერის გადალახვა და შემდეგ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებაში მიიღოს მონაწილეობა. მათი გადასაწყვეტია, თუმცა, მათ შორის, გამოცდილება გვკარნახობს, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმის მთავარ საარჩევნო სლოგანად ქცევა და სხვა ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმით საკუთარი პოლიტიკური იდენტობის განსაზღვრა არ არის ხოლმე მაინცდამაინც წარმატებული სტრატეგია. ამიტომ იმედი მაქვს, ისინი ამ სტრატეგიას არ აირჩევენ, რადგან ჩვენი საერთო გამარჯვება, ქვეყნის საერთო გამარჯვება, გადარჩენა და ჩვენი ევროპული კურსის შენარჩუნება არის ის ინტერესი და ამოსავალი წერტილი, რომელიც ამოძრავებს მთავარ ოპოზიციურ მოთამაშეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно