რუსული საქმის მკეთებელი ოპოზიციის დევიზი უნდა იყოს, ჩვენ თუ არ ვიქნებით, ქვა ქვაზე არ დარჩენილა - ოდიშარია


     ეს არის ნამდვილი რუსული საქმის მკეთებელი ოპოზიცია, რომლისთვისაც დევიზი უნდა იყოს – ან ჩვენ ვიქნებით და ჩვენ თუ არ ვიქნებით ქვა ქვაზე არ დარჩენილა, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ პლენალურ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს უსმენენ.

     ოდიშარიას თქმით, ოპოზიცია საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრის.

    „ნუ გვიკვირს, რომ ესენი ჩვენ გვეძახიან პრორუსებს, ესენი ხომ „ფეიკნიუსების“ ავტორები არიან. ესენი ხომ იმ ხალხის უკან დგანან, ვინც მერე მაუწყებლობს, ფარა არის ამერიკაში – ამერიკული, საქართველოში – რუსული. უკრაინაში დეოლიგარქიზაციის კანონით აღფრთოვანებულები არიან და აბურძგნულები დადიან, საქართველოში ეს წარმოუდგენელი უბედურებაა, რაზე უნდა ველაპარაკოთ. აღმოსავლეთ გაფართოების ევროკომისარს წამოსცდა, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას. ოლივერ ვარჰეი, პატივცემული ადამიანი ჭკუიდან გადაიყვანეს, სულ პრორუსი ეძახეს, თავს ესხმითო ელჩებსო. თქვენი გვარამია ხომ არ აგინებდა დედას კელი დეგნანს პირდაპირ ეთერში, დედის ტოლ ქალს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს?, ახლა რომ დასდევთ და ეხვეწებით შეიწყალე, შეიწყალეო. ახლა რომ გაგიხდათ გადამრჩენელად, კიდევ კაი ახლა მაინც რომ მოეგეთ გონს. თქვენ ქართველი ხალხი, რა გგონიათ, დაავადებული გგონიათ გარკვეული დაავადებებით, რომელიც მეხსიერების გაქრობას იწვევს, თუ რა არის? ეს არის პროევროპული შუქურა ბრჭყალებში ოპოზიცია. ეს არის ნამდვილი რუსული საქმის მკეთებელი ოპოზიცია, რომლისთვისაც დევიზი წესით უნდა იყოს შემდეგი – ან ჩვენ ვიქნებით და ჩვენ თუ არ ვიქნებით ქვა ქვაზე არ დარჩენილა, რადგან ამათ ერთხელ ეს ავანტიურა წამოიწყეს და დარწმუნებული ვარ, მზად იყვნენ კიდევ უფრო მეტი საქართველო ჩაებარებინათ, ოღონდ დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში.

     ეს გაუთავებელი ნარატივი, რომ ჩვენ სანქციების არიდებას ხელს ვუწყობთ და საქართველო შავი ხვრელია, თუ რამე არხი არსებობს სატრანსპორტო, საჰაერო ყველგან გვაბრალებენ. კიდევ კარგი, რომ კოსმოსში არა გვაქვს კოსმოსური ხომალდები, თორემ სხვა რამესაც დაგვაბრალებდნენ. რამდენი მისიით გახლდით, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საფრანგეთში, პორტუგალიაში, ესპანეთში, პირადად შევხვდი ბრუკლინის მერს და მრავალი სხვა ორპალატიანი შეხვედრები გვქონდა, არსად მომისმენია პრეტენზია ჩვენს მიმართ. საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, რა, ნაცარს არ გაყრიან ხალხო თვალებში. ჩვენი პარტნიორი არის ყველა დონეზე, მათ შორის, ტრანსნაციონალური დანაშაულები გამოვიძიეთ გერმანიის პროკურატურასთან ერთად, აშშ-ის დაზვერვა, ბრიტანეთის დაზვერვა, ისინი არიან ბრმები და ყრუები და ესენი არიან თვალდაჭყეტილი ე.ი დარაჯები იმისა, რომ ჩვენ რამე არ შევაპაროთ რუსეთში. ხალხი აღარ ჭამს, აღარ ყლაპავს ამ ტყუილებს. სწორედ, იმიტომ ხართ იმ რეიტინგით და იმ ადგილას სადაც ხართ“, – განაცხადა ოდიშარიამ.

     მისი თქმით, ხელისუფლებას შეინარჩუნებს ის პარტია და პოლიტიკური ძალა, რომელიც პირველ რიგში, თავის ქვეყნის ინტერესს გაატარებს, მშვიდობით და ჭკუით რეგიონში იქნება მყარი პარტნიორი, როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის თითოეული ქვეყნის.

     „უაღრესად მადლიერნი ვართ ჩვენ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისევე ევროკავშირის თითოეული ქვეყნის და ყველა ჩვენი პარტნიორის, არის თუ არა ამ ალიანსის წევრი. ვფიქრობ, ჯერ კიდევ არის შანსი, რომ გონს მოეგოს ეს ხალხი. ამ ხალხმა უნდა გაანალიზოს, ქართველი ხალხის რისხვა მათ დაატყდებათ, რადგან ჩვენ ამ სიმართლეს ქართველ ხალხამდე მივიტანთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ყოველდღიურად ის ფიზიკური წინაღობა, რაც ხვდება მინისტრს, მის გუნდს და პრემიერ ღარიბაშვილს, მისი გამონათქვამების თუ სხვათა ინტერპრეტაციით, ეს ყველაფერი სიყალბეა. ვინც მართლაც რუსულ საქმეს აკეთებს, ის არ აკეთებს არაფერს პარლამენტში სამუშაო ჯგუფებში, გარეთაც მხოლოდ დაკავებულია დესტრუქციით. ასე რომ, პასუხს მიიღებთ და სჯობს, თქვენ თვითონ მოეგოთ გონს, ვიდრე ქართველი ხალხი მიგითითებთ თქვენს საბოლოო ადგილს“, – განაცხადა ოდიშარიამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно