გაცვლითი კურსი, ფასების ზრდასა და ინფლაციასთან დაკავშირებით, არაა მნიშვნელოვანი– გვენეტაძე


      ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის კურსის რყევაზე კომენტარს აკეთებს. როგორც გვენეტაძე აცხადებს, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი და მისთვის მოკლევადიან პერიოდში ასეთი მერყეობა დამახასიათებელია.

     "სამწუხაროდ, არასწორი ანალიზი კეთდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას. განსაკუთრებით, იმ მიმართულებით, რომ ეს ინფლაციის დიდ ზრდას გამოიწვევს. გაცვლითი კურსი ფასების ზრდასა და ინფლაციასთან დაკავშირებით არის ერთ-ერთი ფაქტორი, მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანი. გთხოვთ გადახედოთ სტატისტიკას და ნახავთ, რომ 2007-2008 წლებში, როდესაც გაცვლითი კურსი იყო ყველაზე სტაბილური, საქართველოში ინფლაცია ყველაზე მაღალი იყო.

     მნიშვნელოვანია, თუ რა მიმართულებით და რატომ ქმნის გაცვლითი კურსი პრობლემას. ესაა დოლარიზაციის პრობლემა. ხელისუფლების და ეროვნული ბანკის მიერ ღიად გაცხადებული პოლიტიკაა დედოლარიზაცია", - აცხადებს გვენეტაძე.

     მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა თქვა, რომ ლარის კურსის რყევები ჯანსაღი პროცესის ნაწილია.

     ანალიტიკოსები ლარის გაუფასურების ორ მიზეზზე საუბრობენ. ერთი პოზიცია თურქეთში ლირის მკვეთრ ვარდნას უკავშირდება, მეორე კი, ბაზარზე ფულის მასის ზრდას. მაკრო ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც ლარის კურსზე გავლენას ახდენს, ამ დროისთვის პოზიტიურია.

     საქართველოს ფინანსთა მინისტრი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას საერთაშორისო ფაქტორებს უკავშირებს და დარწმუნებულია, რომ პროცესი ლარის მსყიდველობით უნარზე არ აისახება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/ekonomika/106615/gvenetadze-mtsuravi-gatsvliti-kursistvis-moklevadiani-merkeoba-damakhasiatebelia