ჩინეთის ხელისუფლებამ ამერიკული პროდუქციის, მათ შორის ავტომობილების იმპორტზე დამატებითი ტარიფების დაწესება გადადო. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს საბაჟო გადასახადებისა და ტარიფების კომიტეტი ავრცელებს.
გარკვეული სახის ამერიკულ პროდუქციაზე 5%-იანი და 10%-იანი ტარიფები 15 დეკემბრიდან უნდა დაწესებულიყო. სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესის მიღწევას უკავშირდება.
13 დეკემბერს სააგენტო Bloomberg-ი წერდა, რომ აშშ-მა და ჩინეთმა ეკონომიკური გარიგების პირველი ნაწილი შეათანხმეს.
აშშ-მა ჩინეთის პროდუქციას გადასახადები 2018 წელს დაუწესა. გასული წლის ივნისში, 25%-იანი ტარიფები დაწესდა, რომელიც მთლიანობაში 50 მილიარდ დოლარს მოიცავდა. სექტემბერში ამოქმედდა 10%-იანი ტარიფი, რომლის საერთო ღირებულება 200 მილიარდი დოლარი იყო. 2019 წლის მაისში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები ნელა მიმდინარეობდა და გადასახადები მაინც აიწევდა.
11 ოქტომბერს Bloomberg-ი წერდა, რომ აშშ და ჩინეთი ვაჭრობის საკითხზე ნაწილობრივ შეთანხმდნენ.
წყარო: https://imedinews.ge/ge/ekonomika/123679/chinetma-amerikuli-produqtsiis-importze-damatebiti-taripebis-datseseba-gadado
