ჩვენ უნდა მივიღოთ ინფექციის მინიმალური იმპორტი და მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტი - მაჭავარიანი


     ჩვენ უნდა მივიღოთ ინფექციის მინიმალური იმპორტი და, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტი და არა ის, რომ, ეკონომიკაზე პრაქტიკულად უმნიშვნელო, არამატერიალური ეფექტი გვქონდეს, მაგრამ - კორონავირუსის გავრცელებისთვის საკმარისი იყოს. ამ შემთხვევაში, კოვიდის იმპორტს მივიღებთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „არენა" ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტურიზმის გახსნის შესახებ საუბრისას განაცხადა.

     „შარშან ევროკავშირიდან საქართველოში 480 ათასი ადამიანი ჩამოვიდა. 100-ვე პროცენტით ხომ ვერ აღდგება შარშანდელი ტურიზმი?.. უკეთეს შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, ამის 50% აღდგება. ამ საკითხს სპეციალურად ვიკვლევდი და, საბერძნეთში, ესპანეთში, სადაც ტურიზმი იხსნება, მოლოდინი მაქსიმუმ, 50%-ია. ჩვენ შემთხვევაში, იმის ნახევარი, რაც შარშან იყო, მაგალითად, პირველი აგვისტოდან 31 დეკემბრამდე, ევროპელი ტურისტების მაჩვენებლის ნახევარიც რომ აღდგეს, ეს იქნება ძალიან დიდი მიღწევა და ტურიზმისთვის, ესაა წვეთი ზღვაში. ეს 1%-იც არაა ჩვენი ჯამური, წლიური ტურიზმის. ამას ვნახავთ კიდეც. ერთ-ერთ ქვეყანასთან რომ გავხსნით მიმოსვლას, მაგალითად, გერმანიასთან. შარშან აქედან 80-85 ათასი იყო ტურისტი. გახსნის შემდეგ ვნახავთ, წლის ბოლომდე რამდენი აღდგება - ნახევარი, მესამედი თუ მეოთხედი. მარტო სომხეთიდან გვყავდა მილიონზე მეტი ტურისტი, მილიონზე მეტი - აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან...
 
     ჩვენ უნდა მივიღოთ ინფექციის მინიმალური იმპორტი და, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტი და არა ის, რომ, ეკონომიკაზე პრაქტიკულად უმნიშვნელო, არამატერიალური ეფექტი გვქონდეს, მაგრამ - კორონავირუსის გავრცელებისთვის საკმარისი იყოს. ამ შემთხვევაში, კოვიდის იმპორტს მივიღებთ. შესაბამისად, რისკი და შედეგი, ანუ - სიკეთე, უნდა იყოს დაბალანსებული. არ შეიძლება, რომ მხოლოდ გარისკო, თუ იცი, რომ ამას არანაირი სიკეთე არ მოჰყვება. ეს ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია, აქ არაა საჭირო გენიოსობა, ამას დიდი ჭკუა არ სჭირდება. უნდა შევხედოთ, იმ ქვეყნებს, საიდანაც, ტრადიციულად, მაღალი პოტენციალი იყო. თუ მათთან ეპიდემიოლოგიური ვითარება მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება, უკვე შეიძლება, რომ გახსნაზე ვილაპარაკოთ" - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/ekonomika/152459/ivane-machavariani-sazgvrebis-gakhsnaze-realuri-riski-da-potentsiuri-sargebeli-ar-balansdeba