„ბელგიისთვის საქართველო სტაბილური, დემოკრატიული და უსაფრთხო ქვეყანაა"– თეო ფრანკენი


     საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიგრაციის საკითხებში ბელგიის სახელმწიფო მდივან თეო ფრანკენს შეხვდა. ბელგიის რვაკაციან დელეგაციასთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის აღმასრულებელი მდივანი გიორგი ჯაში და დელეგაციის წევრები - სახელმწიფო მდივნის სპიკერი კატრინ იანსუნე, ბელგიის საემიგრაციო ოფისის გენერალური დირექტორი ფრედი როზმონტი, სამდივნოს უფროსის მოადგილე თომას მუნსი, მრჩეველი მაიკე დე ვრეზე; მიგრაციის ოფიცერი ქეით ვერზელენი, მაკოორდინირებელი ოფიცერი საპოლიციო საკითხებში სებასტიენ იორისი და ბელგიის ელჩი საქართველოში ბერტ სხოფსი. შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ ბელგიელი ჟურნალისტები: კრისტოფ ვანჰუტი, ფარიდ ელ მაბროუკი და ნიკოლას მეტერლინკი.

     ბელგიის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მთავარი თემა საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალური მიგრაციისა და საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის არამართლზომიერად გამოყენების პრევენციაა. დელეგაცია საქართველოს მთავრობისაგან იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ხედავს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ამ პრობლემის გადაჭრის გზებს და რას აკეთებს უკანონო მიგრანტთა და თავშესაფრის მაძიებელთა შესამცირებლად. 

     „ჩვენ ბატონ თეო ფრანკენს უკვე მეორედ ვმასპინძლობთ იუსტიციის სამინისტროში. ის ჩვენთან იყო 2015 წელს, როდესაც ერთად ვმუშაობდით, რათა საქართველოს მიეღწია უვიზო მიმოსვლისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან, და ახლა დადგა დრო, შევაფასოთ, თუ როგორ მუშაობს ეს რეჟიმი, მათ შორის, ბელგიასთან. ბატონ ფრანკენს აქვს წუხილები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე არღვევს უვიზო რეჟიმის წესებს; რომ სამოცზე მეტი საქართველოს მოქალაქე არის ბელგიურ ციხეებში და რომ ხდება ბოროტად გამოყენება - როგორც მან აღნიშნა - საქართველოს მოქალაქეების მიერ ბელგიური კანონით გათვალისწინებული თავშესაფრის პროცედურებისა. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ თითოეული ქართველი პატიმრის საქმეზე ვიმუშავებთ, რომ ისინი დაბრუნდნენ საქართველოში და აქ გააგრძელონ სასჯელის მოხდა, რათა ბელგიურ ციხეებს არ უწევდეთ ამ პატიმრების შენახვა - ეს იყო ბელგიური მხარის სურვილი. ასევე, შევთანხმდით, ერთად ვიმუშაოთ, ერთად შევინარჩუნოთ ჩვენი რეფორმების წყალობით საქართველოსთვის მიღწეული ეს ისტორიული წარმატება - უვიზო რეჟიმი. მივიღეთ თანხმობა იმაზე, რომ ბელგია გააგრძელებს, საქართველო კვლავ მიიჩნიოს უსაფრთხო ქვეყნად, რადგან ეს სტატუსი ბელგიამ საქართველოს 2016 წელს მიანიჭა. როგორც ბატონმა თეო ფრანკენმა აღნიშნა, საქართველოში არის დემოკრატიული სისტემა, ადამიანის უფლებები არ ირღვევა, შესაბამისად, არავითარი საფუძველი ბელგიის სახელმწიფოს არ აქვს, რომ ჩვენს მოქალაქეებს პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს. ამან თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის კლება, რაც საქართველოს შეუნარჩუნებს უვიზო რეჟიმის ძალაში დატოვების პერსპექტივას. ამ პერსპექტივისთვის კი ჩვენ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.", - აღნიშნა თეა წულუკიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

     შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა მიგრაციის საკითხებში ბელგიის სახელმწიფო მდივანმაც.

     „ჩვენ განვიხილეთ ბელგიაში თავშესაფრის მოთხოვნის ზრდის საკითხი. საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ბელგიაში თავშესაფარს ითხოვენ, თითქმის გასამმაგდა და ეს აბსოლუტურად უარყოფითად მოქმედებს შედეგებზე ვიზალიბერალიზაციისა, რომელიც საქართველომ მიიღო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებმა იცოდნენ, რომ მათ არ უნდა მოითხოვონ თავშესაფარი ბელგიაში, რადგან ბელგიისთვის საქართველო სტაბილური, დემოკრატიული და უსაფრთხო ქვეყანაა, და, შესაბამისად, ქართველები არ ექვემდებარებიან თავშესაფრის მიღებას, როგორც, მაგალითად, ლტოლვილები სირიიდან. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ქართველებს თავისუფლად შეუძლიათ ეწვიონ ბელგიას ტურისტული თუ საოჯახო ვიზიტებით, მაგრამ არა თავშესაფრის მოთხოვნით. სწორედ ეს საკითხები განვიხილეთ ჩვენ დღეს და ის გზები, თუ როგორ შეგვიძლია ერთად მუშაობა, რათა შევაჩეროთ ქართველების მიერ სავიზო რეჟიმის პრინციპების დარღვევის შემთხვევები თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურების კუთხით", - განაცხადა მიგრაციის საკითხებში ბელგიის სახელმწიფო მდივანმა თეო ფრანკენმა.

     იუსტიციის მინისტრმა ბელგიის დელეგაციას ის სიახლეები გააცნო, რომელთაც მიგრაციის სფეროს რეგულირებისათვის საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. საუბარი შეეხო საემიგრაციო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს; უსაფრთხო დოკუმენტებს; საკანონმდებლო რეფორმებს; საინფორმაციო კამპანიას უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დარღვევებისა და თავშესაფრის მოთხოვნის არასწორად გამოყენების წინააღმდეგ.

     როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ქვეყნისთვის პრიორიტეტად რჩება პირადობის დამადასტურებელი და სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოების ხელშეწყობა. ამ სფეროში 2013-2015 წლებში სიღრმისეული რეფორმები გატარდა იუსტიციის სამინისტროს მიერ, რამაც უვიზო რეჟიმს, სხვა რეფორმებთან ერთად, გზა გაუხსნა. თუმცა, ეს პროცესები არც მას მერე შეჩერებულა. კერძოდ, 2016 წლიდან საქართველოს ბიომეტრიული პასპორტი აღიჭურვა ე.წ. მე-3 თაობის ელმატარებლით, რამაც მისი დაცულობა კიდევ უფრო გაზარდა; საქართველოს მოქალაქეებზე გაცემულია 1,224,012-ზე მეტი ბიომეტრიული პასპორტი, ხოლო არაბიომეტრიულის რაოდენობა შემცირებულია 350,701-მდე. 
„დარწმუნებული იყავით, ბატონო მინისტრო, რომ ყოველი ქართული ბიომეტრიული პასპორტის უკან საქართველოს ერთი მოქალაქე და მისი მოწესრიგებული დოკუმენტაცია დგას, რასაც საბჭოთა დოკუმენტაციის მილიონობით გვერდის გაციფრებითა და ბაზების უპრეცედენტო მასშტაბის მოწესრიგებით მივაღწიეთ." - განუცხადა ბელგიელ კოლეგას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

     მოცულობითი სამუშაო იქნა გაწეული ცნობიერების ამაღლების კუთხითაც. 2016 წლის აპრილიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით 900.000-ზე მეტი ბროშურაა დარიგებული და შემუშავებულია სპეციალური მობილური აპლიკაცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის პროცედურებს აცნობს. იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები სავიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობების აღკვეთის მიზნით, მათ შორის გვარის შეცვლის პროცედურის გამკაცრების გზით. 

     იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ბოლო დროს შემცირებულია საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარს ითხოვენ, და იმედი გამოთქვა, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება და პროგრესი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება, მათ შორის, ბელგიაშიც. 

     ბელგიის დელეგაცია საქართველოში 11 ივნისიდან იმყოფება. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно