„პანკისის ხეობას განვითარების უნიკალური პოტენციალი გააჩნია“– ციხელაშვილი


     შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინირებით, კახეთის რეგიონში საინფორმაციო კამპანია  იწყება, რომელიც პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გახსნა. 

     საინფორმაციო კამპანია სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ რეგიონის მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებულობას ითვალისწინებს.  მისი მიზანია თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს ინფორმაცია იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც სახელმწიფო მათ სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში პანკისის, თელავის, ლაგოდეხის, ყვარლისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ინფორმაციას მიიღებს ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოციალური თუ ეკონომიკური პროგრამების შესახებ. 

     კერძოდ, დეტალურად გაეცნობიან აგროდაზღვევის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებს. ასევე პროექტებს -   „დანერგე მომავალი", „ახალგაზრდა მეწარმე", „აწარმოე საქართველოში" და ა.შ. შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის,  შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლებისაგან მიიღონ პასუხი ყველა კითხვაზე. 

     შეხვდრაზე სახელმწიფო მინისტრი უხუცესთა საბჭოს წევრებს, ქალთა საბჭოს წევრებს, დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და მათ მონაწილეობისა და ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა. 

     მისი თქმით, როგორც რეგიონის თვითმმართველობისათვის, ისე ზოგადად ქვეყნისთვის  არსებითად მნიშვნელოვანია ჰყავდეს ინფორმირებული მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, რომელიც თანაბრად და თანასწორად შეძლებს ისარგებლოს სახელმწიფოში არსებული სხვადასხვა მომსახურებით, პროგრამითა თუ შესაძლებლობით. 

     „სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა თანასწორობას ეფუძნება. იტეგრაცია, თითოეული მოქალაქის თანასწორობის გარეშე შეუძლებელია. თანასწორობა აუცილებლად მოიცავს თანაბარ პირობებსა და საწყის შესაძლებლობებს, რათა თითოეული მოქალაქე ჩაერთოს ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. ჩართულობა კი ინფორმირებულობიდან იწყება. სწორედ ამიტომ ჩამოვედით დღეს სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ სარგებლისა და შესაძლებლობების შესახებ, რასაც სახელმწიფო მათ სთავაზობს" - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

     სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა პანკისის ხეობაში მთავრობის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები, ხაზი გაუსვა ხეობაში ტურიზმის სფეროს განვითარების მნიშვნელობას. ისაუბრა ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისა და კულტურათაშორისი დიალოგის განმტკიცების მიმართულებით გაწეულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე.

     „საქართველოს მთავრობის ხედვა ასეთია - ძლიერი რეგიონი ნიშნავს ძლიერ ქვეყანას. თითოეულ რეგიონს, მათ შორის ამ ხეობას, განვითარების უნიკალური პოტენციალი გააჩნია", - აღიშნა ქეთევან ციხელაშვილმა. 

     საინფორმაციო კამპანიის გახსნაზე სიტყვით აგრეთვე გამოვიდნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და პროგრამის „აწარმოე საქართველოში" პროექტის მენეჯერი თეონა ბაბუნაშვილი. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.  

     საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საინფორმაციო კამპანია უკვე ჩატარდა ქვემო ქართლის რეგიონში. მოგვიანებით კი მისი ჩატარება სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც იგეგმება. საინფორმაციო კამპანია სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში ტარდება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно