,,როგორც იქნა, დავინახე და რა დავინახე?! მოემართება ტაქსი და გვერდზე ზის კაცი მწვანე ნიღბით"– შარაძე


      აკადემიკოს, გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში,საინტერესო ისტორიას აქვეყნებს:
 
     ,,სულ არ არის სახუმარო თემა, მაგრამ ცოტა გავიცინოთ. თან მინდა, აქაურობასაც შემორჩეს. არქივივითაა ეს FB...

     ამბავი სულ ცოტა ხნის წინ მოხდა. მოგეხსენებათ, დაძაბული ფონი, რაც ბოლო ხანს, მამაჩემის მკვლელობის საქმის გამოძიების ირგვლივ შეიქნა. მოკლედ, თბილისში ვარ. რეკავს უცხო ნომერი. ვიღებ. ქალი მეუბნება - ალო, მოითმინეთ. შემდეგ, ვიღაც მამაკაცის კეთილგანწყობილი, სანდომიანი ხმა მესმის: - ქალბატონი რუსუდანი ბრძანდებით? მე თქვენთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები მაქვს გადმოსაცემი. სადაც მეტყვით, მოვალ. მამათქვენის უდიდესი პატივისმცემელი ვარ და მინდა, სიურპრიზი მოგიწყოთ! ჩემი ტელეფონი დავკარგე, ახლა სხვისი ნომრიდან გირეკავთ. დათმულ ადგილზე როცა მოვალ, კიდევ სხვა ნომრით დაგირეკავთ და არ გაგიკვირდეთ.

     17.00 საათზე დავუთქვი შეხვედრა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში.

     ვახ! რა აღარ ვიფიქრე. ვარიანტების სიმრავლე თქვენთვის მომინდია, ჩემი ფანტაზია კი უკიდეგანო აღმოჩნდა, ამ მხრივ... 

     თემომ მარტო არ გამიშვა. მეთქი, იმ კაცს ვეტყვი, რომ ახლომახლო, ისიცაა, მაგრამ მარტო დაველაპარაკები.

     გული კინაღამ წამივიდა, სანამ დათქმული დრო მოვიდა. უნივერსიტეტის ბაღში ჩამოვიარე ჩვენი სახელოვანი წინაპრების საფლავები (მამაჩემი პანთეონს ეძახდა იქაურობას), მათ სულებს სათითაოდ შევთხოვე, მიშველეთ-მეთქი. 

     არ მეშინია, უბრალოდ, „სიურპრიზს" ველი. უცნობი კაცის კონსპირაციის დონე იმედს მაძლევს, რომ დოკუმენტები, მართლაც, უმნიშვნელოვანესია.

     ზუსტად, დათქმულ დროს წამი რომ არ აკლდა, რეკავს სხვა უცხო ნომერი. იგივე კაცი მეუბნება: - ახლა ამოვდივარ ტაქსით ვარაზისხევიდან. კიბეებზე ჩამოდით, თუ შეიძლება, ტაქსს დიდხანს ვერ გავაჩერებ.

     ვაი, დედა, კიბეებზე როგორ მივფრინავ, არ მახსოვს, თემო ვერ მეწევა... შორიახლოს დადექი-მეთქი, მივაძახე. ვფიქრობ, კაცს არ შეეშინდას და არ გამიქროლოს. 

    ყველა ის მგონია და წამი საუკუნედ მეჩვენება...

    როგორც იქნა, დავინახე და რა დავინახე?! მოემართება ტაქსი და გვერდზე ზის კაცი მწვანე ნიღბით (აფთიაქებში რომ იყიდება). 
ვაი, შენს რუსოს! წყალი არ გაუვა, რაღაც მნიშვნელოვანი ხდება ჩემს თავს!

    მოაჩერა. ფანჯარა ჩაწეული აქვს და ხელში 2 პატარა პოლიეთილენის პარკი უჭირავს. ვფიქრობ, მომცემს და წავა უსიტყვოდ. ეგრევე ფანჯარაში წელამდე შევედი და ვეცი ხელებში, ვეჟაჯგურები. თან თვალებში ვუყურებ. კეთილია, აშკარად.
- არა, ჯერ ვერაფერს მოგცემთ. ახლა ან ჩემთან ერთად დაბრძანდით მანქანაში, ან თუ არ მენდობით, სხვა ტაქსი დაიჭირეთ და უკან გამომყევითო. 

     თვალები შუბლზე მაქვს. ვეუბები, - როგორ არ გენდობით, მაგრამ მარტო არ ვარ. - წამოვიდეს ისიც, რა პრობლემააო. 
თემოს, რომელსაც არც ესმის ჩვენი დიალოგი, შევძახე, - წავედით!... 

     და მოვწყდით ყველანი ადგილიდან. ვფიქრობ, მძღოლი თუ მისიანი არაა, ჯერ ხმას არ ამოიღებს...
მიმართულება - თავისუფლების მოედანი, ხელოვნების მუზეუმი. დავალება - რომ მივალთ, მე და თემომაც უნდა გავიკეთოთ ასეთივე მწვანე ნიღბები. კაცი წავა, 5 წუთში დაბრუნდება და დოკუმენტებით დაგვარწმუნებს, ვინ და რატომ მოკლა მამაჩემი. თან იმ ადგილიდან მოჩანს ,,რაღაც"... ნიღბებს თქვენთვის, გზად, აფთიაქში შეიძენთო... 

    ვფიქრობ, სად ჯობია, შევიძინო ნიღბები. თან ვეკითხები, დღისით, მზისით, ასეთი ნიღბებიანი ადამიანები, უფრო არ მივიქცევთ ყურადღებას-მეთქი და არაო...

    ნუ აქ დეტალები რომ მოვყვე, ძალიან შორს წავალთ. წარმოიდგინეთ, ჩემს ტვინში რა ხდება და რა დღეში ვარ. თემოს ფიქრები და მდგომარეობა ცალკე ამბავია.... 

    კაცს კვლავ თვალებში ვუყურებ, მოტრიალებულია. კი ვატყობ, რომ მის თავს ვერაა საქმე მთლად კარგად, თან იმასაც ვფიქრობ, - რუსუდან, მოიცა ჯერ... და დაკითხვას ვაწყობ. მიმტკიცებს, ვიცი, ვინ მოკლა მამაშენიო.

    ახლა, ვეცი მძღოლს - თქვენ ვინ ხართ???? კაცი შეშინებული მეუბნება, - მე მძღოლი ვარ, ტაქსის მძღოლი!!!

     მოკლედ, ჩემმა კეთილისმყოფელმა რომ ძალიან გაუტია და თქვენ ღმერთს გადააბიჯეთო, ლამის, მეჩხუბა, მეც არ ვიცი ხელმა როგორ გაიწია და ნიღაბი ჩამოვგლიჯე. ეს ისე სწრაფად და მთელი ძალით მოხდა, დავიფიცებ, რომ დავინახე, რეზინებისგან მოზიდული ყურები, როგორ მიეპარტყუნა უკან.

    არ ელოდა (არც მე), ეუხერხულა, მაგრამ იღიმოდა.

    ჩემი ბოლო კითხვა ასეთი იყო: - გავიგე რომ მამაჩემი ანტიქრისტემ მოკლა, მაგრამ სახელი აქვს-მეთქი და არაო, რომ მითხრა, იქ წივილ-კივილით გავაჩერებინე მანქანა. უკვე ოპერასთან ვიყავით. მძღოლი მომიტრიალდა და თქვენ ბატონი გურამის ქალიშვილი ხართო? გაძლება მოგცეთ ღმერთმაო, ამოიოხრა...

     ჩემმა კეთილისმსურვალმა მალევე დამირეკა და შევრიგდით <3 მე მეფე ვარ და სანამ მე არ მოვალ ხელისუფლებაში, იქამდე საქართველოს არაფერი ეშველებაო. მე ვუთხარი, რაც ჩემს ძალებშია, ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენ ხელისუფლებაში მოხვიდეთ-მეთქი!

     რა მექნა, უბრალოდ, სიურპრიზი და დოკუმენტები მინდოდა, სხვა არაფერი!!! <3 :))))))))))

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно