,,გერმანია გახლავთ სახელმწიფო, რომელმაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა გაუწია საქართველოს"– ციხელაშვილი


      „წლების განმავლობაში გერმანია გახლავთ ერთ-ერთი სახელმწიფო, რომელმაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა, მათ შორის ტექნიკური დახმარება გაუწია საქართველოს"– ამის შესახებ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ანგელა მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
 
     ძალიან სიმბოლურია აგვისტოს თვეში გერმანიის კანცლერის ვიზიტი, ზუსტად 10 წლის შემდგომ მისი პირველი ვიზიტიდან და ასევე აგვისტოს ომის შემდგომ, სიმბოლურიც არის და ძალიან საქმიანიც. ვიცით, რომ დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაშიც გამოხატა ინტერესი გერმანულმა მხარემ, ეს არის სამშვიდობო პოლიტიკა, ჩვენ უკვე მოვისმინეთ მხარდამჭერი განცხადებები არაერთხელ, მათ შორის საქართველოს ახალი სამშვიდობო ინიციატივის მიმართაც, მათ შორის, გერმანიის მხრიდან.  ცხადია,  ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა, იმისთვის რომ ამ ყველაფრის იმპლემენტაცია მოხდეს", – განაცხადა ციხელაშვილმა.

     ციხელაშვილის აზრით ანგელა მერკელისთვის უცხო არ არის ბარიკადები, რადგან იგი აღმოსავლეთ გერმანიიდანაა. 

     „უშუალოდ იმ ქვეყნის კანცლერის ვიზიტი, რომელიც წლების განმავლობაში იყო გაყოფილი ხელოვნური კედლით, ბერლინის კედლით და თავად კანცლერიც არის აღმოსავლეთ გერმანიიდან, რომელიც ამ კედელს მიღმა იმყოფებოდა, ვფიქრობ არ არის უცხო, თუ რას ნიშნავს ხელოვნური ბარიკადები, ტერიტორიების გახლეჩა, ხალხის გახლეჩა და ის, რომ ამ ყველაფერს არ აქვს პერსპექტივა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებით ველოდები მის გზავნილებს სწორედ მიმდინარე ოკუპაციასა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით, ვიცით რა, რომ გერმანია ამ სამშვიდობო პოლიტიკას მხარს უჭერს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია", – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно