,,იმპიჩმენტს გამომიცხადებთ და ბაზარი ჩამოიშლება"– ტრამპი


     აშშ-ში დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატის მაიკლ კოენის ჩვენებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ ლაპარაკობენ.  კოენმა სასამართლოში განაცხადა, რომ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში მონაწილეობდა და ამას უშუალოდ ტრამპის დავალებით აკეთებდა. მთლიანობაში კოენმა ბრალდების მიერ წარდგენილი 18 ეპიზოდიდან რვაში თავი დამნაშავედ ცნო.

    "ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა განუცხადო იმპიჩმენტი იმას, ვინც ამდენი იმუშავა. თუ ოდესმე დამითხოვენ, ვფიქრობ ბაზარი ჩამოიშლება და ყველა გაღარიბდება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

     21 აგვისტოს მაიკლ კოენი FBI-ის ჩაბარდა და გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. Associated Press-ის ცნობით, კოენის საქმეზე განაჩენი 12 დეკემბერს გამოცხადდება. ადვოკატს 4-5 წლით პატიმრობა ემუქრება.

     დონალდ ტრამპმა თავისი ყოფილი ადვოკატისთვის ფულის გადახდის ფაქტი აღიარა, მაგრამ თქვა, რომ ეს ფული საარჩევნო კამპანიიდან არ აუღია. თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპს ამერიკელი ხალხი არ მოუტყუებია.

     წარმომადგენლობით პალატაში დემოკრატების ლიდერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ მაიკლ კოენის ჩვენებები ადასტურებს იმ მასშტაბურ „კორუფციასა და უკანონობას, რაც ტრამპის უახლოეს წრეში ტრიალებს". მან რესპუბლიკურ პარტიას მოუწოდა უარი თქვან პრეზიდენტის მხარდაჭერაზე და აღიარონ, რომ „კანონზე მაღლა არავინ დგას".

     თავის მხრივ, პალატის სპიკერის პოლ რაიანის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ „უკიდურესად სერიოზულ" საქმეზე „მეტი ინფორმაციის მიღება სჭირდებათ". თუმცა სხვა რესპუბლიკელები ამბობენ, რომ კოენის საქმე რუსეთის შესაძლო ჩარევასთან ამერიკულ არჩევნებში დაკავშირებული არ არის.  

     შემოდგომაზე აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნებია. წინასწარი პროგნოზით, დემოკრატებმა ორივე პალატაში უნდა გაიუმჯობესონ პოზიციები. საპრეზიდენტო კამპანიის უკანონო დაფინანსება შეიძლება შეფასდეს, როგორც „მძიმე გადაცდომა და დანაშაული", რაც პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის სერიოზული საფუძველია. მაგრამ ჯერჯერობით ანალიტიკოსებს ეჭვი ეპარებათ, რომ დემოკრატები სენატში მანდატების 2/3-ს მიიღებენ, რაც აუცილებელი რაოდენობაა პრეზიდენტის გადაყენებისათვის.

     2018 წლის ნოემბერში აშშ-ში შუალედური არჩევნები ტარდება, რომელზეც სრულად გადაირჩევენ აშშ-ის წარმომადგენლობით პალატას, ასევე სენატორების მესამედს. გარდა ამისა, 39 შტატში ახალ გუბერნატორებს აირჩევენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/msoflio/74916/trampi-impichmenti-gamomitskhadet-da-bazari-chamoishleba