,, რუსეთის ფედერაციას მოუწევს, შეცვალოს 2008 წელს მიღებული უკანონო გადაწყვეტილება"– საგარეო საქმეთა სამინისტრო


       საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
 
      ,,დღეს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ურყევად დგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის სადარაჯოზე. ეს მტკიცე მხარდაჭერა თვალსაჩინოდ აისახება საერთაშორისო საზოგადოების ქმედით ნაბიჯებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. აგვისტოს ომის 10 წლის თავზე გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტიც და ის უპრეცედენტო გამოხმაურებაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რასაც ადგილი ქონდა ამ ბოლო პერიოდში, სწორედ ამ მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა.

     ადრე თუ გვიან, რუსეთის ფედერაციას მოუწევს, შეცვალოს 2008 წელს მიღებული უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს განუყოფელი რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია. რუსეთის ხელმძღვანელობამ 2008 წლის 12 აგვისტოს აიღო საერთაშორისო ვალდებულება საქართველოდან ძალების გაყვანის შესახებ და მათ სრულად უნდა შეასრულონ ევროკავშირის შუამავლობით დადებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

     თავის მხრივ, საქართველო აგრძელებს კონსტრუქციულ და აქტიურ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რათა ხელშესახები პროგრესი იქნას მიღწეული დღის წესრიგის ისეთ მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

     საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ომითა და გამყოფი ხაზებით დაშორებული მოსახლეობის შერიგებასა და ნდობის აღდგენისთვის და აგრეთვე იმისთვის, რომ საოკუპაციო ხაზზს მიღმა დარჩენილმა ჩვენმა მოქალაქეებმა, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა სრულად ისარგებლონ იმ სიკეთეებითა და შესაძლებლობებით, რასაც სახელმწიფო ქმნის თავისი მოქალაქეებისთვის"– ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно