გიორგი მარგველაშვილმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო მიიღო


     გიორგი მარგველაშვილმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტარო კონოს საქართველოში ვიზიტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ იაპონიიდან პირველი ასეთი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს და განავითარებს. აღინიშნა, რომ ვიზიტი საქართველოს მიმართ იაპონიის მხრიდან მაღალ დონეზე გამოვლენილ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ადასტურებს.

     შეხვედრისას ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ იაპონიის მთავრობა საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით, საქართველოს შეღავათიანი სესხის სახით ფინანსურ რესურსს გამოუყოფს, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი რთული მონაკვეთის საავტომობილო გზის მშენებლობას მოხმარდება.

    როგორც შეხვედრისას აღინიშნა, უმაღლესი დონის ვიზიტების გააქტიურება მნიშვნელოვანი წამახალისებელი ფაქტორია იაპონური ბიზნესსექტორისათვის განიხილონ საქართველო, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო მიმართულება.

     საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით იაპონიის მხარდაჭერისათვის.

     ტარო კონომ გიორგი მარგველაშვილს დაბადების დღის აღსანიშნავად იაპონური ტრადიციული ტორტი გადასცა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно