,,არ შეიძლება, „იბერიასთან“ დაკავშირებული საკითხი ბიზნესზე ზეწოლად იყოს განხილული"- ლექვინაძე


     ტელეკომპანია „იბერიასთან" დაკავშირებული თემა არ შეიძლება, იყოს განხილული როგორც ბიზნესზე ზეწოლა, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს.

     ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, კომპანია ,,ომეგა” რომელიც არის ტელეკომპანიის მთავარი დამფინანსებელი და სიგარეტის ადგილობრივი მწარმოებელი, დაახლოებით სამი წელია, შესაბამისი გადასახადების დეკლარირებას ახდენს და მათი გადახდა არ ხორციელდება.

     „დაგროვებული თანხის, ბიუჯეტის მიმართ დავალიანების მოცულობა 50 მლნ ლარს აღემატება. ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაციები კომპანია „ომეგას" წარმომადგენლებთან, ფინანსთა სამინისტროსთანაც გაგზავნილი გვაქვს შესაბამისი წერილი, სადაც ვსაუბრობთ, რომ კანონმდებლობის და შესაბამისი შესაძლებლობების ფარგლებში, განხილულ იქნას დაგროვებული დავალიანების ოპტიმალური გრაფიკით და რაოდენობით გადახდის შესაძლებლობა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაციები. ტელევიზიის დამფუძნებელ კომპანიას აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებები სახელმწიფოსთან და ამის გამო საუბარი იმაზე, რომ მიმდინარეობს ტელევიზიაზე ზეწოლა, ვფიქრობ, კორექტული არ არის", – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

     ბიზნესომბუდსმენი დარწმუნებულია, რომ საკითხის არსი „იბერიაში" დასაქმებულ ჟურნალისტებსაც კარგად ესმით.

     „დარწმუნებული ვარ, ტელეკომპანიაში დასაქმებულ ჟურნალისტებსაც ძალიან კარგად ესმით აღნიშნული საკითხის შინაარსი. თავის მხრივ, ასევე ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის კონტექსტში, გამოიძებნება შესაძლებლობა, კომპანიამ  დავალიანება დროის ოპტიმალურ პერიოდში და ოპტიმალური პირობებით გადაიხადოს", – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

     ტელეკომპანია „იბერიამ" დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ,,იბერიას" გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია ,,ომეგა ჯგუფი", რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია ,,იბერია", პარალიზებულია.

     ამასთან, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  „ომეგა ჯგუფში" შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ" არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა . თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/irakli-leqvinadze-ar-sheidzleba-iberiastan-dakavshirebuli-sakitkhi-biznesze-zewolad-iyos-gankhiluli/