,,2008 წელს აგრესორი და ომის დამწყები იყო რუსეთის ფედერაცია, თუმცა..."– კობახიძე


     სალომე ზურაბიშვილმა შესანიშნავად განმარტა ეს ყველაფერი, ზუსტად დაარქვა ამ ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის, თავისი სახელი დაარქვა, კიდევ ერთხელ, რუსეთის აგრესიას, რომელიც განხორციელდა 2008 წელს, თავისი სახელი დაარქვა რუსულ ოკუპაციას და ასევე, თავისი სახელი დაარქვა იმ უმძიმეს დანაშაულს, რომელიც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

     ირაკლი კობახიძე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო შტაბის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო სალომე ზურაბიშვილის მოწოდება ოპონენტებისადმი, წარმართონ ევროპული ტიპის კამპანია.

     „მინდა მივულოცო ქალბატონ სალომეს საარჩევნო შტაბის გახსნა, მან შესანიშნავად ისაუბრა მის ხედვასთან დაკავშირებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი მოწოდება საარჩევნო კამპანიის შინაარსის თაობაზე. მან მოუწოდა თავის ოპონენტებს, რომ წარმართონ ევროპული ტიპის კამპანია, როგორც ხედავთ, ეს პროცესი დღეს ასე არ წარიმართება, სხვა შინაარსით ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა" წარმართოს კამპანია, ის საუბრობს არა მომავალზე, არა თავის ხედვაზე, არამედ დაკავებულია მთლიანად, შავი პიარით.

          ევროპა და ამერიკა არის ძალიან შორს „ნაციონალური მოძრაობისგან" და ეს იკვეთება ამ საარჩევნო კამპანიაშიც. რაც შეეხება ქალბატონი სალომეს დამოკიდებულებას იმ საკითხების მიმართ, რასაც ჰქვია 2008 წლის ომი, ზოგადად, რუსეთთან დამოკიდებულება, მან ძალიან კარგად, შესანიშნავად განმარტა ეს ყველაფერი, მან ზუსტად დაარქვა ამ ყველაფერს თავისი სახელი. მათ შორის, თავისი სახელი დაარქვა, კიდევ ერთხელ, რუსეთის აგრესიას, რომელიც განხორციელდა 2008 წელს, თავისი სახელი დაარქვა რუსულ ოკუპაციას და ასევე, თავისი სახელი დაარქვა იმ უმძიმეს დანაშაულს, რომელიც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს - ეს არის დანაშაული, რაც ჩაიდინეს მაშინ მიხეილ სააკაშვილმა, გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც იყო რუსეთის მოქალაქე საგარეო საქმეთა მინისტრი და მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლის შედეგადაც ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიების 20%. ეს დანაშაული ჩვენ აუცილებლად უნდა შევახსენოთ „ნაციონალურ მოძრაობას"", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ მთავარია, აქცენტი მომავალზე გაკეთდეს.

     „მთავარია, რომ აქცენტი გაკეთდეს მომავალზე, ხედვაზე. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ „ნაციონალური მოძრაობა" ჯერ 2012 წელს, მერე კიდევ უფრო გავამყარეთ ეს ყველაფერი 2016 წელს და შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს არჩევნებიც დამთავრდება ძალიან სერიოზული მარცხით „ნაციონალური მოძრაობისთვის". კიდევ ერთხელ დასამარდება ის პარტია, რომელსაც ეს შედეგი ნამდვილად ეკუთვნის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

     ჟურნალისტების კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რას გულისხმობს სიტყვა „დანაშაულში". მისი თქმით, რომ არა „ნაციონალური მოძრაობის" ავანტიურისტული ქმედება, კრემლში დაწერილი სცენარი ვერ განხორციელდებოდა.

     „ეს იყო უმძიმესი დანაშაული. რომ არა „ნაციონალური მოძრაობის" ავანტიურისტული თუ, არ ვიცი, შესაძლოა, ეს იყო მოღალატეობრივი ქმედებაც კი, ის სცენარი, რომელიც იყო დაწერილი კრემლში, საქართველოში ვერ განხორციელდებოდა. ეს არის უმძიმესი დანაშაული. ამ დანაშაულს შეეწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, როგორც ჩვენი სამხედროების, ასევე, სამოქალაქო პირების სიცოცხლე. ასევე, ამას შეეწირა ჩვენი ტერიტორიები, ტერიტორიული მთლიანობა, 20% ტერიტორიების არის ოკუპირებული, უამრავი დევნილი გვყავს და ასეთ სიტუაციაში, „ნაციონალური მოძრაობა" , მისი ლიდერი სააკაშვილი, ვაშაძე, გვარამია და ასე შემდეგ, ბედავენ და სხვას ესაუბრებიან 2008 წლის ომის თაობაზე. ისინი არიან დამნაშავეები და მათ აქვთ უდიდესი დანაშაული ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

     ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კანდიდატთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, მისგან განმარტება მიიღეს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთავარია ერთიანი პოზიცია და ეს პოზიცია არის მარტივი - 2008 წელს აგრესორი და ომის დამწყები იყო რუსეთის ფედერაცია.

     „იყო გარკვეული განცხადება, რომელიც იძლეოდა ინტერპრეტაციის საშუალებას. ამიტომ, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ქალბატონ სალომესთან. მივიღეთ მისგან განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იგულისხმებოდა კონკრეტულ განცხადებებში და მოვისმინეთ ის, რაც მოვისმინეთ დღესაც. კიდევ ერთხელ, მთავარია ის, რომ გვქონდეს ერთიანი პოზიცია და პოზიცია არის მარტივი. კიდევ ერთხელ, აგრესორი 2008 წელს, ომის დამწყები და ყველაფერი იყო რუსეთის ფედერაცია, თუმცა, ის თავის აგრესიულ სცენარს ვერ განახორციელებდა, რომ არა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი, მოღალატეობრივი თუ არ ვიცი რა დავარქვა ქმედებები. ეს არის ყველასთვის ცალსახა, მთელი საზოგადოებისთვის ცალსახა და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საზოგადოებამ გაისტუმრა 2012 წელს და შემდეგ უკვე საბოლოოდ 2016 წელს „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, სამარეში, იყო სწორედ ის, რომ მათ ჩაიდინეს 2008 წელს უმძიმესი დანაშაული ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების წინაშე და ამ დანაშაულს არც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აპატიებს საზოგადოება „ნაციონალურ მოძრაობას". ძალიან მძიმედ და მწარედ დამარცხდება „ნაციონალური მოძრაობა" თავისი კანდიდატით, გრიგოლ ვაშაძით, ამ არჩევნებში. ამის პირობას ვიძლევი საზოგადოების წინაშე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно