„დღეს ჩვენი სახელმწიფოს და ეკლესიის უმთავრესი ამოცანაა თავისუფლების შენარჩუნება"- კობახიძე


     „დღეს ჩვენი სახელმწიფოს და ეკლესიის უმთავრესი ამოცანაა თავისუფლების შენარჩუნება, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, ჩვენი საზოგადოების ინტელექტუალური და სულიერი გაძლიერება და ამ მიზნების განხორციელებაში სასულიერო აკადემიას განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო სხდომაზე განაცხადა. 

     ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს საიუბილეო თარიღი მიულოცა. მისი თქმით, სასულიერო აკადემიის დაარსება ეკლესიისთვის და სრულიად საქართველოსთვის ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა იყო.

     სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა ეკლესიის აღორძინებასა და სახელმწიფოებრიობის აღდგენა-განმტკიცებაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ეკლესიისა და სასულიერო აკადემიის განსაკუთრებული წვლილი.

     „სასულიერო სემინარია ჩვენი ეროვნული მოძრაობის გამოღვიძებასთან ერთად დაარსდა და რა თქმა უნდა, ეს არ იყო შემთხვევითი მოვლენა და უბრალო დამთხვევა. ისტორიულად, ჩვენი ეკლესიის გაძლიერებას ყოველთვის ფეხდაფეხ მისდევდა ხოლმე ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარება, წინსვლა და ჩვენი ეკლესიისა და უწმინდესის და უნეტარესის ძალისხმევაც ყოველთვის იყო მიმართული როგორც სამოციქულო ეკლესიის აღორძინებისკენ, ისე ჩვენი ეროვნული აღორძინებისკენ და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის უზრუნველყოფისკენ.

     ეკლესიისთვის და სრულიად საქართველოსთვის სასულიერო აკადემიის დაარსება იყო ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა. ეს იყო ჩვენი ეკლესიის აღმავლობის ნამდვილად განსაკუთრებული ნიშანი. ჩვენი თაობა არის ბედნიერი, რომ ვცხოვრობთ ეკლესიის აღორძინების და სახელმწიფოებრიობის აღდგენა-განმტკიცების ეპოქაში.რა თქმა უნდა, ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენს დედა ეკლესიას, პატრიარქს და ასევე, სასულიერო აკადემიას", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

     ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს სახელმწიფოსა და ეკლესიის უმთავრესი ამოცანებისა და მიზნების შესრულებაში სასულიერო აკადემიას განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია. პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრებს, აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს საიუბილეო თარიღი კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებები უსურვა.

     „დღეს ჩვენი სახელმწიფოს და ეკლესიის უმთავრესი ამოცანაა თავისუფლების შენარჩუნება, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, ჩვენი საზოგადოების ინტელექტუალური და სულიერი გაძლიერება და ამ მიზნების განხორციელებაში სასულიერო აკადემიას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია.

     მსურს, კიდევ ერთხელ, მოგილოცოთ დღევანდელი იუბილე. პირველ რიგში, თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ მამა გიორგის ვულოცავ დღევანდელ დღეს. დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად ვულოცავ აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს. მინდა გისურვოთ წინსვლა და წარმატებები ჩვენი საზოგადოების სულიერი და ინტელექტუალური გაძლიერების საქმეში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

скачать dle 11.0фильмы бесплатно