,,საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებელი პიკს აღწევს"- ვოლსკი


      საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებელმა პიკს მიაღწია და 2012 წელთან შედარებით, ამ კუთხით საქართველოს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევასთან – „საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება" დაკავშირებით განაცხადა.

      რაც შეეხება ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას, მისი თქმით, ეს საკითხი სერიოზულ განხილვას მოითხოვს.

     „კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებელმა მიაღწია პიკს. სამწუხაროა, რომ ეს თემა არ არის უფრო ფართოდ გაშლილი. 2012 წელთან შედარებით, რამდენიმე ათეულით გაუმჯობესდა საქართველოს მდგომარეობა. კორუფცია გამოწვევად მაინც რჩება. რაც შეეხება ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის მექანიზმს, ამაზე ზუსტი პასუხი ვერ მექნება. თემა საინტერესოა და განხილული უნდა იყოს", – განაცხადა გია ვოლსკიმ.

     რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელშიც საქართველოში კორუფციის საკითხებზეა საუბარი, ვოლსკი ამბობს, რომ რეზოლუციას აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს.

     „დაველოდოთ რეზოლუციის საბოლოო რედაქციას, რომელიც ნოემბერში გამოქვეყნდება", – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

     ამასთან, გია ვოლსკის განცხადებით, ევროპარლამენტი მაინც პოლიტიკური ორგანოა, მსოფლიო ბანკი კი, უფრო პრაგმატულ გათვლას აკეთებს.

     „მსოფლიო ბანკი მაინც უფრო პრაგმატულ გათვლას აკეთებს, მაშინ როდესაც ევროპარლამენტი მაინც პოლიტიკური ორგანოა და პოლიტიკური ჯგუფების დაპირისპირება ხშირად სახეზეა", – აღნიშნა მან.

     ასევე, ვიცე-სპიკერის თქმით, უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს „ომეგა ჯგუფის" საკითხიც. „ომეგას" შესახებ საუბარია IDFI-ის კვლევაში.

     მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში" აღნიშნულია, რომ კორუფციის კონტროლითა და მმართველობის ეფექტიანობით საქართველომ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. კორუფციის კონტროლის მხრივ 100%-იან შკალაზე საქართველოს ქულა 77,40%-ს გაუტოლდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/gia-volski-saqartveloshi-korufciastan-brdzolis-machvenebeli-piks-aghwevs/