ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს 15 ოქტომბერს დააწესებს


     ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს 15 ოქტომბერს დააწესებს. როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით, საერთაშორისო მედია წერს, ახალი შეზღუდვები მოსკოვის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო ამოქმედდება.

     კერძოდ, სოლსბერიში რუსი ყოფილი ორმაგი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო, სანქციები დაუწესდებათ რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელ პირებს და მათ უახლოეს მოკავშირეებს, რომლებსაც დიდ ბრიტანეთში ქიმიური შეტევის ორგანიზებაში ადანაშაულებენ. მათ აუკრძალავენ ევროკავშირში ჩასვლას და საბანკო ანგარიშებს დაუყადაღებენ.

     როგორც ვარაუდობენ, სანქციები არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც ამოქმედდება.

     „მრავალი წლის განმავლობაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ერთგვარი ტაბუ მოქმედებდა, თუმცა სირიისა და სოლსბერის შემდეგ, ამ აკრძალვას საფრთხე დაემუქრა. ახლა ჩვენ უნდა გავავლოთ წითელი ხაზი, მათთვის, ვინც ცდილობს, გამოიყენოს ეს საშინელი იარაღი. მათ უნდა გაიაზრონ, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ და ეს ძვირად დაუჯდებათ", – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანთმა.

     როგორც ცნობილი ხდება, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ინიციატორი დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მთავრობაა. ახალი შეზღუდვების ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ლიდერები ლუქსემბურგში დაგეგმილ სხდომაზე, 15 ოქტომბერს მიიღებენ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/evrokavshiri-rusetis-winaaghmdeg-akhal-sanqciebs-15-oqtombers-daawesebs/