ბოკერიას პრობლემად არ მიაჩნია, რომ ვაშაძეს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი აქვს დამთავრებული


     პოლონეთის გადასაწყვეტია, რა სტანდარტებს დაუწესებს საკუთარ დიპლომატებს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

     გიგა ბოკერიას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს პოლონეთის მაგალითის შესახებ, როდესაც ქვეყნის საგარეო უწყებიდან დაითხოვეს ყველა, ვისაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. კითხვაზე, ხომ არ უჭირავს ,,ქართულ ოცნებას” კოზირი, რადგან გრიგოლ ვაშაძეს მოსკოვის დიპლომატიური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ აღნიშნული კითხვა სერიოზულ პასუხს არ იმსახურებს.

     „პოლონეთის გადასაწყვეტია, რა სტანდარტებს დაუწესებს საკუთარ დიპლომატებს. საქართველოს შემთხვევაში კი, როდესაც მეორე მხარეს არის საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას, უარყოფითად უყურებს ნატო-ს წვრთნების ჩატარებას და ეთნიკურ შუღლს აღვივებს, ეს საკითხი იმდენად არარელევანტურია, რომ სერიოზულ პასუხსაც არ იმსახურებს”,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

     მისივე თქმით, მმართველი გუნდი ძალადობრივი მეთოდებით და სამოქალაქო ომის მუქარით ცდილობს, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას.

     „სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას კოზირი კი არ უჭირავს ხელში, დგას საფრთხის წინაშე, რადგან მმართველი გუნდი და ივანიშვილი ძალადობრივი მეთოდებით და სამოქალაქო ომის მუქარით ცდილობენ გახადონ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა”,-განაცხადა „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/giga-bokerias-problemad-ar-miachnia-rom-grigol-vashadzes-moskovis-saertashoriso-urtiertobebis-instituti-aqvs-damtavrebuli/