,,ხდება მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება"– კალაძე


     დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, მერიის პრეროგატივა არ არის, ვინმესთვის აქციის ჩატარების უფლების მინიჭება ან აკრძალვა, რადგან მერიას მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეუძლია.

     ამის შესახებ დედაქალაქის მერმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

     „პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის და მთლიანად, პოლიტიკური გუნდისთვის ადამიანის ღირსება, მისი უფლებები და გამოხატვის თავისუფლება არის უმთავრესი ფასეულობა, რომლის დაცვაც, გარანტიც ქართულ საზოგადოებასთან ერთად, მთელი ჩვენი გუნდია, პირადად მეც ვარ და ვიქნები ყოველთვის. სრულიად წარმოუდგენელი და გაუგებარია, ვინ მოიფიქრა შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშნის დასმა შვილმკვდარ მამასა და საახალწლო ნაძვის ხეს შორის მაშინ, როცა მერიის საპასუხო წერილში რეალურად მსგავსი ინტერპრეტაციის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

     აღვნიშნავ, რომ გუშინდელი მოვლენებისას რიგი მედიასაშუალებები და პოლიტიკური ოპონენტები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს ნაძვის ხისა და საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების გამო, მომიტინგეებს კარვების გაშლის უფლებას არ აძლევენ ნოემბრის დასაწყისში. ცხადია, ეს არის მტკნარი სიცრუე და თავად გამოხატვის პროცესის შეურაცხყოფა.

     აქციის მონაწილეებს რა თქმა უნდა, უფლება აქვთ, მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ იქ, სადაც სურთ და რა ფორმითაც სურთ. ამის აკრძალვა ან დაშვება მერიის პრეროგატივა არასდროს ყოფილა და ეს ძალიან კარგად იციან ოპონენტებმა.

    კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზაზა სარალიძემ წერილით მიმართა დედაქალაქის მერიას, რომ 31 დეკემბრამდე აქვს სურვილი, გააგრძელოს აქციები. კანონი მავალდებულებს, რომ სამი დღის ვადაში გაგვეცა პასუხი, რადგან დეკემბრის თვეში დაგეგმილი იყო საახალწლო ღონისძიებები და ვიმოქმედეთ კანონის შესაბამისად იქნა პასუხი გაცემული.

    ხაზ ვუსვამთ, რომ საუბარი იყო დეკემბრის თვეზე. წერილში პირდაპირ არის მოცემული, რომ პარლამენტის შენობის წინ 15 დეკემბერს იმართება თბილისის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი. სხვა ღონისძიებები არის დეკემბრის ბოლო დღეები. საუბარი იყო დეკემბრის თვეზე და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც მხოლოდ ამის გამო ვერ ექნებოდა მერიის წერილს გუშინდელ მოვლენებთან კავშირი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მერიის პრეროგატივა არ არის, ვინმესთვის აქციის ჩატარების უფლების მინიჭება თუ აკრძალვა. მერიას მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეუძლია ამ საკითხზე.

    სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო ბატალიების ფონზე ხდება ყველა თემის არასწორად ინტერპრეტაცია პოლიტიკური პროცესების ქაოსად ინტერპრეტაცია და მით უმეტეს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ამ მიზნებისთვის გამოყენება. ჩვენდა სამარცხვინოდ, ამ ქვეყნის პოლიტიკისთვის უკვე სამწუხარო ტრადიციად იქცა მსგავსი ამორალური ქმედებები.

     კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოვხატავ ხორავას ქუჩაზე ტრაგიკული მოვლენების გამო, სრულად ვიზიარებ ოჯახის ტკივილს. ვიდრე მე თბილისის მერი ვარ, პოლიტიკურ პარტიებს, არ მივცემ უფლებას, გამოიყენონ ეს ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის", – განაცხადა კახა კალაძემ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно