,,ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ, არ აღიაროს ამ არჩევნების შედეგები" - სააკაშვილი


      „ეს არ იყო და არ არის ლეგიტიმური არჩევნები და მე არასდროს არ ვაღიარებ ბიძინა ივანიშვილს. დღევანდელი დღიდან ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ლეგიტიმური მმართველი საქართველოსი," - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გააკეთა.

     მიხეილ სააკაშვილის თქმით, არჩევნები ზეწოლის, მოსყიდვის და ძალადობის ფონზე წარიმართა.

„მინდა, მივმართო ჩვენ ხალხს, ხალხო, თქვენ დღეს ამ ბინძურმა ოლიგარქმა თავზე გადაგახიათ კანონი, კონსტიტუცია, დემოკრატია, არჩევნების ინსტიტუტი. დღეს და ამ კვირებშიც, რაც ტარდებოდა, ეს არ იყო არც არჩევნები, არც დემოკრატიული პროცესი და ამას არაფერი კავშირი არ აქვს ხალხის ნებასთან. ეს იყო ქურდული სამყარო, ძველი ბიჭები, აფერისტები და გარეწრები, რომლებიც საქართველოში რაღაც პროცენტი ყოველთვის იყო და არის, შავი სამყაროს წარმომადგენლები, ის ხალხი, ვინც გძარცვავდათ ტრადიციულად, მთლიანად შერწყმული ამ ოლიგარქთან. ეს იყო ძალადობა და არის ძალადობა, ეს არის მოსყიდვა, ეს არის ღიად დარიგება საარჩევნო უბნებში ფულის, ეს არის დაჭრა და ცემა აქტივისტების," - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
 
     მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ არ აღიაროს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი.

     „ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ, არ აღიაროს ამ არჩევნების შედეგები. დემოკრატიულ პროცესთან არანაირ კავშირში არ არის იმიტომ, რომ დგება მომენტები ყველა ერის ისტორიაში, როდესაც იმ პირობებში, როცა კრიმინალი მთლიანად შეერწყა ხელისუფლებას, როდესაც მთავარი მძარცველი მოაჯდა თავზე ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, აკონტროლებს უკლებლივ ყველა პროცესს, დგება მომენტი, როცა საზოგადოებამ უნდა აიღოს კანონის დაცვა, კონსტიტუციის და თავისი თავისუფლების საკუთარ ხელში," - განაცხადა სააკაშვილმა.

скачать dle 11.0фильмы бесплатно