,,მზად ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა ახალ პრეზიდენტთან "- მარგველაშვილი


     საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

     გიორგი მარგველაშვილმა, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. ქვეყნის პირველმა პირმა არჩეულ მეხუთე პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა, და საპრეზიდენტო უფლებამოსილების გადაბარებისა და ინაუგურაციის ორგანიზების პროცესში ადმინისტრაციის მონაწილეობის მზადყოფნა გამოხატა.

     "საქართველოს მოქალაქეებო, მადლობას გიხდით არჩევნებში აქტიური მონაწილეობისათვის! თქვენმა ასეთმა მაღალმა აქტიურობამ, ნათლად აჩვენა, რომ თქვენთვის პრეზიდენტის არჩევა პრინციპული და მოქალაქეობრივი ვალის მოხდის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.

     მადლობა მინდა გამოვხატო სადამკვირვებლო მისიების მიმართ, რომლებმაც კომპეტენტურად და მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს თავიანთი საქმიანობა.

     ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო მედიას, რომელიც ამ არჩევნებს ინტენსიურად და კვალიფიციურად აშუქებდით.

     გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებით, აგრეთვე სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებების ანალიზის საფუძველზე მინდა შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე და ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ საქართველოში ასეთი არჩევნები ამ სტანდარტით მეტი აღარ უნდა ჩატარდეს.

     ვულოცავ საქართველოს არჩეულ მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს! ვუსურვებ წარმატებას და, აგრეთვე, მინდა ვთქვა, რომ, როგორც კი ქალბატონი სალომე დაასახელებს პასუხისმგებელ პირს, ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების თაობაზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობასა და დახმარებაზე.
ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი!" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно