საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ ეკა გიგაურის საჩივარი არ დააკმაყოფილა


     თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან კუჭავამ გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ ეკა გიგაურის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

     მოსამართლის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო განცხადებას არ გააჩნია ცილისწამებად კვალიფიკაციის ელემენტი. სასამართლომ გიგაურის მისამართით გაკეთებული განცხადებები ჩათვალა შეფასებით მსჯელობად და აზრის გამოხატვად.

     „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" დირექტორმა, ეკა გიგაურმა რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა.

     მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმა ეკა გიგაური დაადანაშაულეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლის წახალისებაში.

     ეკა გიგაურის უფლებადამცველი სიმბოლურად, მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 30 თეთრს ითხოვდა.

     რეჟისორი გოგა ხაინდრავა კი აცხადებს, რომ მას აქვს დოკუმენტი, რომელიც ეკა გიგაურისთვის კაპიტნის წოდების ვადაზე ადრე მინიჭებას ადასტურებს. ხაინდრავას განცხადებით, კაპიტნის წოდება გიგაურმა 7 ნოემბრის აქციის დარბევის გამო მიიღო, მისივე ხელმოწერით კი 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილე ბარისახოელი მესაზღვრეები პრემიით დაჯილდოვდნენ.



скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/tbilisis-saqalaqo-sasamartlom-goga-khaindravas-winaaghmdeg-eka-gigauris-sachivari-ar-daakmayofila/