,,არანაირი გამართლება არ აქვს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვას"- ციხელაშვილი


     შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც უკვე მე-12 დღეა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ე.წ. გამშვები პუნქტები ჩაკეტილია და მოსახლეობა ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას.

     ,,აბსოლუტურად მიუღებელია ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა. უკვე მე-12 დღეა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მოსახლეობა არის სრულ იზოლაციაში. განსაკუთრებით მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაშია მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში, სადაც ტრანსკამით გადაადგილება დაკეტილი გახლავთ დიდთოვლობის გამო. მოსახლეობას აქვს რეალური პრობლემა, ელემენტარულ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, მათ შორის ბავშვის საკვებზე წვდომის, ეს მართლაც საგანგაშოა", – აღნიშნავს მინისტრი.

     მისი თქმით, გადაადგილების შეზღუდვის დაწესების დღიდან პარტნიორებთან თანამშრომლობა 24 საათის რეჟიმში მიმდინარეობს.

     ,,არანაირი გამართლება არ აქვს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვას. თითქოსდა არ არსებულ ეპიდემიაზე აპელირებით, რადგან სიტუაცია არ არის ეპიდემიური, არ არის მდგომარეობა გაუარესებული, პირიქით გაუმჯობესებულია წინა წლებთან შედარებით და ეს არ არის ადეკვატური საბაბი, რათა მოსახლეობას რეალურად შეექმნას სასიცოცხლო საჭიროებებიდან გამომდინარე პრობლემები", – აღნიშნავს ციხელაშვილი.

     მინისტრი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს მოუწოდებს, გადაიხედოს გადაწყვეტილება და ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან არიდების მიზნით ე.წ. გამშვები პუნქტები დროულად გაიხსნას.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно