რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან ერთი-ერთზე დარჩენა აბსოლუტურად დაუშვებელია!– კირვალიძე


      რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან ერთი-ერთზე დარჩენა და "საბოლოო გადაწყვეტილების" მიღება, აბსოლუტურად დაუშვებელია!
 
     2.აუცილებელია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტმა, პრემიერ-მინისტრმა წინადადებით მიმართოს აშშ–ის  და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებს იმის თაობაზე, რომ ამერიკა და რუსეთი, ევროკავშირის თანამონაწილეობით გახდნენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთობლივი გარანტორები! 

      3. მიმაჩნია, რომ ამ საკითხის მოგვარება შესაძლებელია, მხოლოდ მრავალმხრივი ურთიერთ კომპრომისის და კონსენსუსის საფუძველზე!
 
      4. საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-რუსეთს, ევროკავშირს, ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა შესთავაზოს ამ პრობლემის მოგვარების სტრატეგია, კონცეპცია, გეგმა-მოდელი, რომელიც ყოვლისმომცველი პარიტეტის საფუძველზე მისაღები იქნება ყველა  მხარისთვის! 
 
     5. ქართველებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ მხოლოდ აშშ-ის და რუსეთის  ურთიერშეთანხმების მეშვეობით შესაძლებელი გახდება ქვეყნის დეოკუპაცია, გამთლიანება და უსაფრთხოება!
 
     6. ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ახალი, ალტერნატიული სტრატეგიის შემუშავება, რომელიც გამთლიანების საშუალებას მისცემს ქვეყანას, - მისი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შენარჩუნების პირობებში! 

     7. ამავდროულად, ხელისუფლებამ უნდა დაანახოს ქვეყნის მოსახლეობას და უცხოეთის სახელმწიფოებს, თუ რით განსხვავდება მისი პოზიცია ძველი ხელისუფლების მიდგომებისაგან და როგორ, რა სტრატეგიის შეთავაზებით აპირებს იგი ამ ურთულესი პრობლემების მოგვარებას!
 
     8. საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში ვერ განხორციელდება, თუ საქართველოს თავზე "დამოკლეს მახვილივით" ეკიდება რუსეთის ხელახალი შემოჭრის და ოკუპირებული რეგიონების ანექსიის საფრთხე!   
 
     9. საქართველოს ხელისუფლებამ და ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთის ოკუპაცია  საქართველოში, - ეფუძნება აფხაზურ და ოსურ სეპარატიზმს, ანუ, ეს არ არის მხოლოდ რუსულ-ქართული პრობლება, თორემ რუსებს ოკუპირებული რომ ჰქონდეთ, უბრალოდ სადავო ტერიტორიები, მაგალითად დაუსახლებელი, მაშინ  საკითხის მოგვარება გაცილებით იოლი იქნებოდა! ვიმეორებ, - რუსეთი "ამოფარებულია" აფხაზურ და ოსურ აგრესიულ სეპარატიზმს! აფხაზები და ოსები რუსეთს არ მიიჩნევენ ოკუპანტად, პირიქით, მადლიერები არიან რუსების და მხოლოდ რუსეთის გარანტიით და მონაწილეობით თანხმდებიან საქართველოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას (ჟენევის ფორმატი)!
 
     10. დიახაც, დასავლეთს, რუსეთსა და საქართველოს შორის კომპრომისების და შეთანხმების გარეშე, საქართველოს დეოკუპაციის და გაერთიანების საკითხი არ და ვერ გადაწყდება! თავს ნუ მოვიტყუებთ და გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს დეოკუპაცია და გამთლიანება საერთაშორისო გარანტიების გარეშე შეუძლებელია! თანაც, სეპარატისტი ოსები და აფხაზები, რომ დაინახავენ რუსეთის და დასავლეთის საერთო ნებას საქართველოს გამთლიანების საკითხის საბოლოო მოგვარებისათვის, მათთან ჩვენი შიდა დიალოგიც შედეგიანი იქნება! 
 
     11.ვფიქრობ, რომ მაღალი პოლიტიკური ნებელობის  შემთხვევაში, რაშიც დასავლეთი უნდა დაგვეხმაროს, შეიძლება მოიძებნოს ისეთი "ფორმულა", რომელიც გადაწყვეტილების მიღებისას ღირსებას შეუნარჩუნებს, როგორც საქართველოს და რუსეთს, - ისე აფხაზებსა და ოსებს!
 
     12. ცხადია, რუსეთი დასავლეთისგან და საქართველოსგან მოითხოვს გარანტიებს, რომ... და აი აქ,  ქართველებმა და ჩვენმა დასავლელმა მოკავშირეებმა უნდა ვიცოდეთ, თუ რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეთ, ანუ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის როგორი გეგმა-მოდელი შეიძლება შევთავაზოთ რუსეთს, ევროპა-ამერიკის უშუალო მონაწილეობით, რომელიც რუსეთისთვის მისაღები იქნება და იგი, აფხაზ-ოსებსაც "დაარწმუნებს" ამაში!
 
     13. თანამედროვე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ამ უმწვავესი პრობლემის სირთულის და ხნოვანების გათვალისწინებით, ქვეყნის გამთლიანების საკითხის მოგვარება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მოხდება - შეთანხმება, უწინარესად ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის! საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მუხლჩაუხრელად, თანაბრად უნდა იღვაწოს ორივე მიმართულებით! 
 
     14. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია და აშშ პარტნიორი, მაინც პარიტეტია დასაცავი, არ უნდა გადავუხვიოთ მას, არც აშშ-სკენ და არც რუსეთისკენ, თორემ საქართველოს ვერ გავამთლიანებთ. მარტივად რომ ვთქვათ, ვაშინგტონმა ზუსტად უნდა იცოდეს, თუ რაზე ვსაუბრობთ მოსკოვთან და პირიქით, მოსკოვმა ზუსტად უნდა იცოდეს საქართველოს ხელისუფლების ნასაუბრები ვაშინგტონთან, ანუ სრული ღიაობაა საჭირო, სხვაგვარად, მოლაპარაკების და საბოლოო მოგვარების პროცესს დაბლოკავს, როგორც ერთი, ისე მეორე. ასე რომ, საქართველოსთვის ამ ურთულესი პრობლემის სხვაგვარი პოლიტიკურ-სამართლებრივი და დიპლომატიური გადაწყვეტა არ არსებობს!
P.S. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შექმნას სპეციალური სახელმწიფო კომისია, რომელიც შესაბამისი სტრატეგიული გეგმა-მოდელის შემუშავებას დაიწყებს და  უმოკლეს დროში განსახილველად წარუდგენს ქართულ საზოგადოებას!!!!
 
ჯუმბერ კირვალიძე, 
პოლიტოლოგი
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно