კანონი ყველასთვის ერთია, ადამიანი რა ორიენტაციისაც არ უნდა იყოს – ვოლსკი


     საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფოს ამოცანაა, დღეს, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერაზე დაპირისპირების ის ხარისხი არ დაუშვას, რომელიც ქვეყანას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის.

     გია ვოლსკის განცხადებით, ყველამ ქვეყანაზე უნდა იფიქროს, ერთმა მხარემაც და მეორემაც.

     „ზოგიერთ პოლიტიკოსს შევახსენებ, რომ პოლიტიკის გარდა არსებობს ქვეყანა, სამშობლო, რომელზეც მეტი უნდა ვიფიქროთ. კანონი ყველასთვის ერთია, ადამიანი რა ორიენტაციისაც არ უნდა იყოს. კანონი არ უნდა დაირღვეს, კანონი ყველასთვის ერთია. ამ ყველაფერს მივესალმები თუ არა, ეს მეორე საკითხია, რადგან ჩემი დამოკიდებულება და ემოცია მაქვს, მაგრამ იმის პასუხისმგებლობა და ვალდებულება მაქვს, რომ დაპირისპირების ის ხარისხი არ დავუშვა, რამაც შეიძლება, სახელმწიფოს საფრთხე შეუქმნას", – განაცხადა გია ვოლსკიმ.

    ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.

     „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.

     ამასთან, ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.

    ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოც. საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.

    შსს-ში აცხადებენ, რომ ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც კანონით დასაშვებ ფარგლებს არ სცდება.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: 1tv